Aa
Aa

24-ე თუ მე-2? - უიმბლდონის ქალთა ფინალში უილიამსი და ჰალეპი შეხვდებიან

უიმბლდონის ქალთა თანრიგის პირველი ფინალისტი სიმონა ჰალეპი გახდა. რუმინელმა ჩოგბურთელმა ელინა სვიტოლინას ნახევარფინალური მატჩი იოლად მოუგო.

პირველ სეტში ბრძოლა მხოლოდ საწყის გეიმებში იყო, თუმცა სვიტოლინამ შანსები ვერ გამოიყენა, შემდეგ კი ჰალეპმა მოუმატა და პარტია 6:1-ით დახურა.

სვიტოლინამ, რომელიც დიდი სლემის ტურნირების 1/2 ფინალურ ეტაპზე პირველი უკრაინელი ქალია, მეორე სეტი კარგად დაიწყო და საკუთარ მოწოდებას დამაჯერებლად ინარჩუნებდა. 3:3-მდე ჩოგბურთელები საერთოდ უბრეიკპოინტოდ მივიდნენ, რასაც უკრაინელის ჩავარდნა და ისევ ჰალეპის ბრწყინვალე თამაში მოჰყვა, საბოლოოდ - 6:1; 6:3.

სიმონა ჰალეპი პირველი რუმინელი ქალია, რომელიც უიმბლდონის ფინალში გავიდა.

დღის მეორე შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ სერენა უილიამსმა და დიდი სლემის ტურნირების ნახევარფინალის კიდევ ერთმა და ყველაზე ასაკოვანმა დებიუტანტმა, ბარბორა სტრიცოვამ, ითამაშეს.

ამერიკელმა ვარსკვლავმა მატჩი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და ჩეხი მეტოქე უბრალოდ კორტიდან გააქრო - 6:1; 6:2.

სერენა უიმბლდონის ფინალში მე-11-ედ გავიდა და ტიტულის მერვედ მოგებას შეეცდება. თუკი ამას შეძლებს, კარიერაში 24-ე დიდი სლემის ტურნირს მოიგებს, რითაც მარგარეტ კორტის მაჩვენებელს გაუთანაბრდება.

რაც შეეხება ჰალეპს, როლან გაროსის გასული წლის ჩემპიონობის შემდეგ იგი დიდი სლემის მეორე ტიტულს დაუმიზნებს. უილიამსისა და ჰალეპის ფინალური შეხვედრა შაბათს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები