„მის თამაშში ბევრი რამაა, რაც მოგეწონებათ“ | ბრიტანეთში ბართიშვილს ალექსისს ადარებენ
ლონდონის „არსენალი“ ანდრია ბართიშვილის გაფორმებასთან ახლოსაა. ბრიტანულ პრესაში ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელზე რამდენიმე სტატია დაიწერა და ამჯერად ბართიშვილზე Football Fancast-მა ისაუბრა.
„ბართიშვილმა პროფესიონალურ დონეზე 35 შეხვედრა ჩაატარა და 17 წლის სენსაციის ანგარიშზე ორი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ისეთი განსაცვიფრებელი რიცხვები, როგორსაც მის ასაკში ლამინ იამალი აფიქსირებს, თუმცა ამ ახალგაზრდა ბიჭის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი სავსებით საფუძვლიანია.
ბართიშვილს უკვე ადარებენ ხვიჩა კვარაცხელიას, რადგან ორივე ქართველ ფეხბურთელს მსგავსი სათამაშო სტილი აქვს. ჩამოწეული საფეხბურთო წინდები, დაბალი სიმძიმის ცენტრი და სირბილის მანერა — ბართიშვილის თამაშში ბევრი რამაა, რაც მოგეწონებათ.
ამ შემტევის საუკეთესო თვისება ბურთის კონტროლი და დრიბლინგის უნარია. უმაღლესი კლასის მაჩვენებელია ის, თუ როგორ იყენებს ბართიშვილი სხეულის მოძრაობებს მეტოქეებისგან თავის დასაღწევად. „არსენალის“ ისტორიიდან ვინმეს რომ შევადაროთ, მასსა და ალექსის სანჩესს შორის მსგავსებას ნამდვილად ვიპოვით. ანდრიას შეუძლია ითამაშოს ცენტრალურ თავდამსხმელად, შემტევ ნახევარმცველად ან მარცხენა ფლანგზე, თუმცა თავს ყველაზე კომფორტულად ფლანგებზე გრძნობს.
ამ ახალგაზრდის თამაშის ვიდეოების ყურებისას ზუსტად ხვდები, თუ რატომ ადარებენ მას კვარაცხელიას და რატომ ჰგავს სანჩესს. ის სხეულის მოძრაობით მეტოქეებს ატყუებს და ეს სწორედ ისაა, რასაც ალექსისი კარიერის პიკში აკეთებდა. მიმართულების მკვეთრი ცვლილებით ის მცველებს აბნევს და არასწორ საყრდენ ფეხზე ტოვებს. მას ასევე ახასიათებს ის აგრესიული, დაუღალავი ჟინი და ბრძოლისუნარიანობა, რაც „არსენალის“ ყოფილ ფეხბურთელს ჰქონდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთელი სისწრაფით მიქრის და მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შედის. მათ მსგავსებას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს დაბალი აღნაგობა.
რა თქმა უნდა, სიფრთხილე გვმართებს. ეს ბიჭი ჯერ კიდევ 17 წლისაა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის მაურიციო მიკელიმ შეამჩნია — ადამიანმა, რომელმაც თავის დროზე ზემოხსენებული კვარაცხელიაც აღმოაჩინა. ასე რომ, მათ, ვისაც ჰგონია, რომ ეს ტრანსფერი მაინცდამაინც ამაღელვებელი არ არის, ვურჩევდით, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ“, — წერს გამოცემა.
ცნობისთვის, ბართიშვილი ფოთის „კოლხეთი 1913“-ის საკუთრებაა და იჯარის წესით თბილისის „იბერია 1999“-ში თამაშობს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 1.5 მილიონ ევრომდე გაიზარდა.