„გაუმართლათ, რომ არ წააგეს“ - ირანის მწვრთნელი ბელგიაზე
ირანის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ამირ გალენოიმ მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში ბელგიასთან ფრედ დასრულებული მატჩი შეაფასა (0:0).
მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ 66-ე წუთიდან ბელგიელები რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ, მათ გაუმართლათ, რომ დღეს 1 ქულა მოიპოვეს.
„კარგად ვითამაშეთ და მატჩის მოგებაც შეგვეძლო. ბელგია ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ მათ გაუმართლათ, რომ არ წააგეს, როდესაც კაცნაკლულნი დარჩნენ.
ვამაყობ ჩემი გუნდით. ირანელ ფეხბურთელებს შესანიშნავი საბრძოლო სულისკვეთება აქვთ - ყველა სირთულის მიუხედავად, ისინი ბელგიასთან კარგად იბრძოდნენ. ეს მატჩი უკვე დასრულებულია, ამიტომ მხოლოდ მომდევნო ტურზე ვფიქრობთ“.
ამ ფრის შემდეგ ორივე გუნდს სატურნირო ცხრილში 2-2 ქულა აქვს. ბელგიამ პირველ ტურში ეგვიპტესთან 1:1 ითამაშა, ირანმა კი ახალ ზელანდიასთან 2:2. ჯგუფის მეორე შეხვედრა ახალ ზელანდიასა და ეგვიპტეს შორის 05:00 საათზე გაიმართება. მესამე ტურში ბელგია ახალ ზელანდიას შეხვდება, ირანი კი ეგვიპტის ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი 27 ივნისს გაიმართება.