ოპერაცია პოგბა იწყება!
Aa
Aa

ოპერაცია პოგბა იწყება!

ედენ აზარისა და ლუკა იოვიჩის გადაბირების შემდეგ მადრიდის „რეალმა“ მთელი ყურადღება „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგ ნახევარმცველ პოლ პოგბას მიაპყრო. MARCA-ს ინფორმაციით "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადასვლა თავად ფეხბურთელსაც ხიბლავს და მზადაა ხელფასის შემცირებაზეც თანხმობა განაცხადოს.

„იუნაიტედის“ წარმომადგენლებმა რამდენჯერმე აღნიშნეს, რომ 2019 წლის ზაფხულში პოგბას გუნდიდან არ გაუშვებენ, თუმცა "სამეფო კლუბი" დანებებას არ აპირებს და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.

მადრიდელები გეგმავენ „წითელ ეშმაკებს“ წინადადებით მიმართონ და ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ 135 მილიონი ფუნტი შესთავაზონ. "ლოს ბლანკოსის" მესვეურები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, რათა "ზიზუ" გაახარონ, მაგრამ პოგბას ტრანსფერის გაჩარხვა ადვილი ნამდვილად არ იქნება.

პირველ რიგში "რეალს" ფინანსური ფეარ პლეის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად რამდენიმე ფეხბურთელის გასხვისება მოუწევს. სავარაუდოდ ზაფხულში "სანტიაგო ბერნაბეუს" 15 მოთამაშე დატოვებს, რომელთა შორის კეილორ ნავასი, გარეტ ბეილი და ხამეს როდრიგესი არიან. აღსანიშნავია, რომ ფლორენტინო პერესის თქმით გუნდს ჯერჯერობით წინადადება არცერთი მათგანის ტრანსფერის თაობაზე მიუღია.

ფინანსურ საკითხებთან ერთად „რეალი" ძლიერ კონკურენტებს უნდა გაუმკლავდეს. "სამეფო კლუბის“ გარდა პოგბას გადაბირება ტურინის „იუვენტუსს“ სურს და „ბიანკონერი“ უბრძოლველად დანებებას არ აპირებს. რაც შეეხება „წითელ ეშმაკებს“, ისინი პოგბას შემცვლელად „მონაკოს“ ნახევარმცველ იური ტილემანსს განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები