''გიოტებორგის'' ''ქამბექი'' და ხარაიშვილის შესანიშნავი თამაში
შვედეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურში ''სირიუსმა'' ''გიოტებორგს'' უმასპინძლა და 2:4 დამარცხდა. ანგარიში მეორე წუთზე ''გიოტებორგის'' 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა გახსნა.
ხარაიშვილის გოლს მასპინძლებმა 2 გოლით უპასუხეს. 25-ე წუთზე წონასწორობა აღდგა, 26-ე წუთზე კი ''სირიუსი'' დაწინაურდა და პირველ ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა - 2:1. პირველი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე ''სირიუსის'' ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო და სტუმრებმა მეორე ნახევარი რიცხვობრივ უპირატესობაში გაატარეს.
შესვენების შემდეგ ''გიოტებორგმა'' ანგარიში გაათანაბრა, 77-ე წუთზე კი ხარაიშვილის ოსტატურ საგოლე პასს პატრიკ კარლსონის გოლი მოჰყვა და ''გიოტებორგი'' წინ გავიდა - 2:3.
დამატებულ წუთზე სტუმრებმა კიდევ ერთი გოლი შეაგდეს და 3 ქულა მოიპოვეს.
Pang direkt! Ännu en gång gör Giorgi Kharaishvili matchens första mål. Bra start för Blåvitt borta mot Sirius! pic.twitter.com/1VxnbzVkY5
— Blåvittpodden (@Blavittpodden) May 4, 2019
ხარაიშვილმა მე-6 ტურში შვედეთის მოქმედ ჩემპიონ აიკ-თან გოლი შეაგდო და საგოლე პასი შეასრულა. ''სირიუსთან'' თამაშში ხარაიშვილის მაჩვენებელი ანალოგიური იყო. ასე რომ ''საბურთალოს'' აღზრდილმა ზედიზედ ორ ტურში გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. დღევანდელ მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.
გასულ სამ ტურში ხარაიშვილის ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
ქართველი ფეხბურთელი შვედეთის ჩემპიონატში მეორე სეზონს ატარებს. საერთო ჯამში შვედეთის ელიტარულ ლიგაში 33-ე მატჩი ჩაატარა და მე-11 გოლი შეაგდო. საშუალოდ ყოველ მესამე შეხვედრაში გოლს იტანს, რაც ამპლუით ნახევარმცველისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია. 11 გოლის გარდა ხარაიშვილმა 7 საგოლე პასი შეასრულა.
7 ტურში ''გიოტებორგმა'' 13 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილზეა, თუმცა უშუალო კონკურენტებს 2 ქულით უსწრებს, მათ კი ჯერ მე-7 ტურში არ უთამაშიათ.
გიორგი ხარაიშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.
ფოტო: gp.se