თორნიკე შენგელია - ნამდვილი ქართველი,
Aa
Aa

თორნიკე შენგელია - ნამდვილი ქართველი, "ბასკონიას" ლიდერი და „ცსკას“ რისხვა

16 აპრილს ევროლიგის გადამწყვეტი ეტაპი აიღებს სტარტს. პლეიოფის პირველ რაუნდში თორნიკე შენგელიას „ბასკონიას“ ურთულესი წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს. ჩვენებურის გუნდი „მოსკოვის ცსკას“ შეერკინება.

რუსულ-ესპანური ჯახის წინ Sports.ru-მ თორნიკე შენგელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა.

თორნიკე შენგელია - ნამდვილი ქართველი, „ცსკას“ რისხვა და ადამიანი, რომელმაც კირილენკო კარიერის დასრულებაზე დააფიქრა

სამშაბათს „არმიელებს“ ბასკონიელთა ლიდერის და ევროპაში ალბათ საუკეთესო მძიმე ფორვარდის, თორნიკე შენგელიას, შეჩერება მოუწევთ.

„დღეს შენს მეგობარს, თოკოს, შევხვდები. რა ვუთხრა"? „ბასკონიასა“ და „ცსკას“ მორიგი მატჩის წინ ეს კითხვა ექს-არმიელს, მანუჩარ მარკოიშვილს დავუსვი.

უთხარი: „როგორ ხარ ველურო“. სიტყვა ველური რუსულად დაახლოებით ასე ჟღერს - дикарь, თუმცა უპრიანი იქნებოდა თორნიკე შენგელია "მხეცად" მოგვეხსენიებინა.

„საიდან ასეთი მეტსახელი? როგორ გითხრათ... თოკო შეუჩერებელი კალათბურთელია. თითქოს სუპერ შესაძლებლობებს ფლობდეს. რაც მახსოვს შენგელია არასდროს დაღლილა. შეუძლია თამაშებზე და ვარჯიშებზე იფრინოს, პარკეტი კბილებით დაღრღნას და ისეთი შთაბეჭდილება დატოვოს, თითქოს ენერგია არასდროს გამოელევა".

"თოკო სატვირთო მატარებელს ჰგავს. თუ სისწრაფე აკრიფა მისი შეჩერება შეუძლებელია". შენგელია ასე ყოფილმა თანაგუნდელმა, კიმ ტილიმ დაახასიათა. „ბასკონიას“ კაპიტანს მეტსახელად „თოკომოტივი“ ალბათ სწორედ ამიტომ შეარქვეს.

უცნაურია მაგრამ ორი კვირის წინ მოსკოვში გამართულ მატჩში შენგელიამ საკუთარი თავი შეაჩერა. ის უჩვეულოდ პასიური გახლდათ და 8-დან მხოლოდ 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა. ასეთი რამ საკმაოდ იშვიათად ხდება, განსაკუთრებით „ცსკასთან“ ჯახში, რომლის წინააღმდეგაც თოკო ტრადიციულად შესანიშნავად თამაშობს. შარშანდელ სეზონში მან „არმიელებთან" ორმაგი დუბლი შეასრულა - 20 ქულა, 12 მოხსნა და მარგი ქმედების კოეფიციენტის გრაფაში +33 დააფიქსირა, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. თუმცა შენგელიას გარჯა არ დაუფასდა და „ბასკონიამ“ წარმატებას ვერ მიაღწია.

 

მუხლის ტრავმის მიღებამდე, რომლის გამოც პარკეტს მიღმა 2 თვე გაატარა, თოკო უმაღლეს უმაღლეს დონეზე ასპარეზობდა. მან „ცსკაც“ გააწამა და „ბასკონიას“ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ის სწრაფ შეტევებში მუდამ ერთვებოდა და ბოლო მომენტში უმნიშვნელოვანესი „ენდ ვანი“ ჩააგდო.

 

შენგელიამ თავი კიდევ ერთი მომენტით დაგვამახსოვრა. „ხიმკისთან“ დაპირისპირებაში ფარი ჩამოამსხვრია.

 

თავად თოკო ამბობს, რომ ყველა მატჩს მამასთან ერთად არჩევს. ადამიანთან, რომელიც შენგელიას მისაბაძი მაგალითი მხოლოდ მამაშვილობის და მათ შორის არსებული ურთიერთობის გამო არ გამხდარა. კახა შენგელია ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი კალათბურთელია. „ცსკას“ მთავარი მწვრთნელი, ანტონ იუდინი, კახაზე საუბრისას აცხადებს: „კახა არაორდინალური ცენტრი გახლდათ. მაშინ აუცილებელი იყო გუნდში მინიმუმ 215 სანტიმეტრის სიმაღლის ცენტრი გყოლოდა, კახა კი სიმაღლეში მხოლოდ 206 იყო. ამასთან ერთად ძალიან ნიჭიერი გახლდათ და ფარქვეშ კარგი მოძრაობებით გამოირჩეოდა. ახალგაზრდულ დონეზე დომინირებდა, თუმცა პროფესიონალურ კალათბურთში იგივე წარმატებას ვერ მიაღწია და დაიკარგა ეპოქაში, როცა პერსპექტიული მოთამაშეები გაურკვეველ ევროპულ კლუბებში გადადიოდნენ“.

„90-იანების დასაწყისში 1971 წელს დაბადებული კალათბურთელებით დაკომპლექტებული საბჭოთა ნაკრები ა.შ.შ-ში გაემგზავრა. ნათელი იყო, რომ ეს გუნდი დიდხანს არ იარსებებდა და მთავარი მწვრთნელი, სტანისლავ ერემინი მოკავშირე რესპუბლიკის წარმომადგენლებს ბევრ სათამაშო დროს არ აძლევდა. გამონაკლისი არც კახა იყო. ტურნეს ბოლოს ალიასკაზე ვიასპარეზეთ და დარბაზში ძალიან ციოდა. შესვენებაზე გასახდელში შევედით. მწვრთნელს ვუსმენდით, როცა კახამ, რომელიც მუდამ სათადარიგო სკამზე იჯდა, ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო. სტანისლავმა მონოლოგი შეწყვიტა და ქართველს ჰკითხა:„კახა, რას აკეთებ“? „ცივა“! ასე უპასუხა შენგელიამ, ტანსაცმელი ჩაიცვა და გასახდელიდან გავიდა“.

საინტერესოა, რომ ანდრეი კირილენკოს ორივე შენგელიასთან აქვს ნათამაშები. კარიერის სტარტზე „სპარტაკში“ და ბოლოს „ბრუკლინში“.

„თოკოს ვეკითხები კახა შენგელია შენი ნათესავი ხომ არაა? იქნებ შენი უფროსი ძმაა? მასთან ერთად ოდესღაც ვთამაშობდი“ - აცხადებს კირილენკო. „ის მპასუხობს, ძმა კი არა მამაჩემია! იმ მომენტში მივხვდი, რომ დრო იყო კარიერა დამესრულებინა“.

„შენგელია შესანიშნავი კალათბურთელია და აგრესიით გამოირჩევა. მისი ძლიერი მხარე ფარქვეშ თამაშია. დაცვაში ბრწყინვალედ ასპარეზობს და ბევრს დარბის. მოკლედ კლასიკური მძიმე ფორვარდია, რომელიც საკმაოდ აქტიურია“. ასე ახასიათებს ლეგენდარული ანდრეი კირილენკო, ქართველს.

ყველა ეს თვისება თოკოს ახალგაზრდულ ასაკშივე ჰქონდა. მისი კარიერა ფაქტობრივად „ვალენსიაში“ დაიწყო, სადაც საკმაოდ პატარა მივიდა.

„ღამურების“ ყოფილი მოთამაშე, ნანდო დე კოლო, იხსენებს: „თავდაპირველად ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ათამაშებდნენ. მაშინ შორეული სროლებით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, თუმცა ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი იყო. ისეთი არა, როგორიც ახლაა, მაგრამ უპირატესობა მაინც ჰქონდა. თოკო სამწამიანში შესვლისას აგრესიული გახლდათ. ყველაზე მთავარი რაც დამამახსოვრდა არის, რომ მიუხედავად ახალგაზრდული ასაკის და პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობის გამოცდილების არქონისა, საკუთარ თავში დარწმუნებული იყო. შეცდომებს დიდად არ განიცდიდა და ჯიუტად აკეთებდა ყველაფერს, რაც საჭირო გახლდათ. ვარჯიშების შემდეგ ყოველთვის რჩებოდა, რათა მწვრთნელის ასისტენტებთან ერთად ემუშავა. შემდეგ ბელგიაში წავიდა და გუნდის ლიდერი გახდა. მოგვიანებით NBA-ში აღმოვაჩინე. მომწონს მიზნებისკენ როგორ მიისწრაფვის. ჭაბუკთა გუნდიდან იმ დონის მოთამაშედ იქცა, როგორიც ახლაა. ეს პატივისცემას ნამდვილად იმსახურებს“. 

„ბრუკლინის“ ყოფილმა დირექტორმა და „სპრინგფილდ არმორის“ გენერალურმა მენეჯერმა, მილტონ, ლიმ თოკოს შესახებ საუბრისას განაცხადა: „შენგელია დანკო ცვეტიჩანინმა აღმოაჩინა. ის ჩვენი სკაუტია, რომელიც ევროპაში მოღვაწეობს. როგორც წესი, როცა მეორე რაუნდში ევროპელ კალათბურთელს ირჩევ გგონია, რომ NBA-ში მოსვლამდე ოკეანის გაღმა გამოცდილება უნდა შეიძინოს. თოკოსთან ყველაფერი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. დრაფტის მეორე დღეს, როცა პრესკონფერენციისთვის ვემზადებოდით, შენგელიას აგენტმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ მისი კლიენტი ბრუკლინში იმყოფებოდა. რა თქმა უნდა თოკო პრეზენტაციაზე მაშინვე მივიწვიეთ და მისი სამომავლო გეგმებით დავინტერესდით. ჩვენდა გასაკვირად საზაფხულო ლიგაში თამაშის სურვილი გამოთქვა და შემდეგ წინასასეზონო ბანაკში გაემგზავრა. პირველივე ვარჯიშზე შოკში ჩაგვაგდო. ჩვენ მწვრთნელს გადავხედეთ: „დიახ, ეს ბიჭი ლებრონ ჯეიმსივით თამაშობს! ბურთს ტენის, აფარებს, ხსნის, შორიდან აგდებს. მან დაგვანახა, რომ გუნდში საუკეთესო იყო“.

„საზაფხულო ლიგის მატჩების ჩინებულად ჩატარების შემდეგ თოკომ „ბრუკლინის“ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა. ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდით რა პოზიციაზე გაგვემწესებინა. წესითა და რიგით თოკო მსუბუქი ფორვარდი  უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ პოზიციაზე ჯო ჯონსონი გვყავდა. თანაც კლასიკური მესამე ნომერი შორეულ ტყორცნებს კარგად უნდა იყენებდეს, რაც თოკოს პლუსი ნამდვილად არ ყოფილა. მძიმე ფორვარდის პოზიციაზე სათამაშოდ კი გაბარიტები არ ჰყოფნიდა. ეჭვიც არ მეპარება, რომ თოკოს NBA-ში თამაში ახლაც შეუძლია. მას ოსტატობა არ აკლია, უბრალოდ იმ კონკრეტულ გუნდს ვერ მოერგო“.

ამერიკაში თორნიკე „ბრუკლინში“ და „სპრინგფილდში“ გამოდიოდა და სამსაათიანი გზის გავლა რეგულარულად უწევდა.

„როგორც წესი ავტომობილს მე ვმართავდი, შენგელიას კი უკანა სავარძელზე ეძინა“- აგრძელებს მილტონ ლი. „მაშინ „ინსტაგრამი“ მოდაში ახალი შემოსული იყო და მძინარე თოკოს ფოტო გამოვაქვეყნე. ამაზე ორივემ კარგად ვიცინეთ. NBA-ის მოთამაშეებისგან განსხვავებით ის G-ლიგაში მიმდინარე მოვლენებს პოზიტიურად უდგებოდა. სხვები თვლიდნენ, რომ ამ დონეზე თამაში მათ ღირსებას ლახავდა, თოკო კი მომენტის მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობდა, რათა პროგრესისთვის მიეღწია და ახალ დონეზე გადასულიყო. შენგელიას მთავარი მწვრთნელი, ბობ მაკინონი, რომელიც ამჟამად „დალასში“ მუშაობს, შენგელიას შემართებით ძალიან კმაყოფილი იყო“.

„თოკოს პროფესიონალიზმი და საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება ბევრ საკითხში ვლინდებოდა. მახსოვს ერთ-ერთ ვარჯიშზე დრაფტზე  არჩეულ ტაიშონ ტეილორს დაუპირისპირდა და სთხოვა პროფესიონალიზმი ეჩვენებინა".

შენგელიას შესახებ საკუთარი პოზიცია მანუჩარმაც დააფიქსირა; „სანაკრებო პაუზისას თოკომ თანაგუნდელის მიმართ უკმაყოფილება გამოხატა, რადგან ის ბურთს სათანადოდ არ ანაწილებდა. ამ უკანასკნელმა შენგელიას აგრესიულად უპასუხა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. არასდროს მინახავს 10 კაცს ერთი ადამიანის შეკავება ასე გასჭირვებოდა“.

თორნიკესთან კონფლიქტში შესვლა საკმაოდ სახიფათოა. 2015 წელს, ბასკური დერბის დასასრულს „ბილბაო“ დიდი ანგარიშით იგებდა და მასპინძელთა კალათბურთელმა, დეიან ტოდოროვიჩმა ბოლო წამებზე ბურთის ჩატენვა მოინდომა. შემდეგ რაც მოხდა კი აუცილებლად გემახსოვრებათ.

 

ამ მომენტში ქართველი კალათბურთელის ხასიათი იდეალურად გამოჩნდა. შეხლა-შემოხლის დასრულების შემდეგ პირველ რიგში თოკო შეშინებულ ბიჭუნასთან მივიდა და ბოდიში მოუხადა.

„ის ნამდვილი ქართველი მამაკაცია. გულღია და კეთილი. ნეტავ მისნაირი ბევრი იყოს“ - აცხადებს Onexim Sports and Entertainment-ის წარმომადგენელი ირინა პავლოვა. „ვერ ვიტყვი განუყრელი მეგობრები ვართ თქო, თუმცა დღემდე მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს. მისი ხასიათის უკეთ წარმოსაჩენად ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია. თბილისში თავის ქორწილში მიმიპატიჟა და სურდა აეროპორტში დამხვედროდა. ძლივს გადავაფიქრებინე“.

„ზაზა ფაჩულიას სწორედ მაშინ დაუნათესავდა. თოკოს მეუღლე ზაზას ბიძაშვილია. ერთხელ თბილისში ჩასვლას ვაპირებდი და ორივეს მივწერე. საქართველოში არცერთი მათგანი იყო. ორივემ დახმარება შემომთავაზა, თუმცა უარი განვაცხადე, რადგან სასტუმრო და ავტომობილი უკვე დაჯავშნილი მქონდა. მოგვიანებით ზაზამ დამირეკა და მითხრა: „მისმინე, გააუქმე ჯავშანი, მძღოლს გამოგიგზავნი და სადაც მოისურვებ წაგიყვანს“. კამათს აზრი არ ჰქონდა. დავთანხმდი. ცოტა ხნის შემდეგ შენგელიამ დამირეკა და იგივე მითხრა. ვუპასუხე, რომ ზაზამ დაასწრო და გული დასწყდა. ჩამოვედი თბილისში და აღმოვაჩინე, რომ თოკოს სასტუმროს ხარჯები დაუფარავს“.

მარკოიშვილი: „თოკო გრძნობებს გულწრფელად გამოხატავს და ეს ცოტა სახიფათოცაა. თუ მეგობრებთან ან იმ ადამიანებთანაა, რომლებთანაც თავს კარგად გრძნობს, დადებითი ემოციებით იმუხტება. თოკო აუცილებლად ჩაგეხუტება და თანაც ისე, რომ შეიძლება ნეკნები ჩაგიმტვრიოს. ის შესანიშნავი ადამიანი და ნამდვილი მეგობარია. მას ბოლომდე ვენდობი. უფსკრულზე გადებულ ხიდზე თვალდახუჭულს რომ მომიწიოს გასვლა და ჩემი მეგზური  თოკო იყოს, აბსოლუტურად მშვიდად ვიქნები“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები