ქართველი ფეხბურთელის გუნდი საფრანგეთის ლიგა 2-ში აღზევდა
Aa
Aa

ქართველი ფეხბურთელის გუნდი საფრანგეთის ლიგა 2-ში აღზევდა

ფრანგული საფეხბურთო კლუბი ''როდეზი,'' რომელიც რანგით მესამე ლიგაში ასპარეზობს, ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ლიგა 2-ში აღზევდა.

30-ე ტურში ''როდეზმა'' შინ ''ბულონი'' 3:0 დაამარცხა, 66 ქულა მოაგროვა და მესამეადგილოსან ''ლავალს'' 17 ქულით გაასწრო. დარჩენილ ხუთ შეხვედრაში მესამე პოზიციაზე მყოფი კლუბი ქულათა სხვაობას ვერ აღმოფხვრის და შემდეგ სეზონში ''როდეზის'' ქართველ მცველს, ამირან სანაიას ლიგა 2-ში ვიხილავთ.

წესდების მიხედვით საფრანგეთის რანგით მესამე ლიგიდან ლიგა 2-ში ორი საუკეთესო კლუბი ფლეი-ოფის გარეშე აღზევდება.

29 წლის ამირან სანაიამ, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იტალიის წინააღმდეგ უთამაშია, მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა, მხოლოდ 3 შეხვედრა გამოტოვა და სასტარტო შემადგენლობაში მუდმივად ხვდებოდა.

ამირან სანაიას ''ლე მანში,'' ''ბასტიაში,'' ''ლუზენაკში,'' ''პარიზსა'' და ''ლე ერბიეში'' უთამაშია. 2011-12 წლებში ქართველი ფეხბურთელი ''ბასტიას'' შემადგენლობაში ირიცხებოდა და გუნდმა გათამაშება გამარჯვებით დაასრულა, თუმცა სეზონის დასრულების შემდეგ სანაია ''ბასტიას'' დაემშვიდობა და ლიგა 1-ში არ უთამაშია.

კლაუს ტოპმიოლერის, პეტერ სეგრტისა და ექტორ რაულ კუპერის ხელმძღვანელობით სანაიამ საერთო ჯამში ეროვნული ნაკრების ფორმა ექვს შეხვედრაში მოირგო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები