დიდი კითხვის ნიშანი! ანანიძესთან მიმართებაში გავრცელებული ცნობები სრულ შეუსაბამობაშია
Aa
Aa

დიდი კითხვის ნიშანი! ანანიძესთან მიმართებაში გავრცელებული ცნობები სრულ შეუსაბამობაშია

რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში ''არსენალთან'' გამართული მატჩის შემდეგ ანანიძესთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება ბუნდოვანია. ფეხბურთელი, რომელმაც სანაკრებო მატჩი გამოტოვა, სანაკრებო შეხვედრიდან 3 დღეში კლუბის შემადგენლობაში სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა და 74-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა ყველაზე უცნაური არის ის, რომ ფეხბურთელმა, რომელმაც ეროვნული ნაკრების უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, თამაშიდან მეორე დღეს, ირლანდიასთან გამართული მატჩიდან რამდენიმე საათში რუსულ კლუბთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. 27 დეკემბერს კლუბის პრესსამსახურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯანო ანანიძე ჯანმრთელადაა და ტრავმა არ აწუხებს.

ანანიძესთან მიმართებაში გავრცელებული ცნობები სრულ შეუსაბამობაშია, საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ფეხბურთის ფედერაციისა და ფეხბურთელის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას დიდი კითხვის ნიშანი დავუსვათ და მათ გულწრფელობაში ეჭვი შევიტანოთ. იმისათვის, რომ ანანიძესთან დაკავშირებით მკითხველს ნათელი სურათი შევუქმნათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთან დაკავშირებით გავრცელებულ ოფიციალურ ცნობებს ქრონოლოგიურად გთავაზობთ.

23 მარტი, ევრო 2020-ის შესარჩევის პირველი ტური

საქართველო ''დინამო არენაზე'' შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა. ჯანო ანანიძემ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, 83-ე წუთზე ნიკა კაჭარავამ შეცვალა. მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ანანიძის შესახებ საუბრისას განაცხადა: ''რაც საქართველოს ეროვნულ გუნდში ვმუშაობ, ჯანო ანანიძემ საუკეთესო ტაიმი ჩაატარა. ვგულისხმობ პირველ ტაიმს. შესვენების შემდეგ თამაშის დინამიკა შეიცვალა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანანიძეს, ისევე როგორც ქვილითაიას, მძიმე ტრავმა ჰქონდათ და არ არიან საუკეთესო ფორმაში.''

24 მარტი, ჯანო ანანიძემ ეროვნული ნაკრების შეკრება დატოვა, დუბლინში არ გაემგზავრა

25 მარტი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ: ''საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა დუბლინში პირველი ვარჯიში გამართა. ვლადიმის ვაისის ხელმძღვანელობით, ქართველმა ფეხბურთელებმა "ბრეი უონდერერსის" სტადიონზე, ''კარლაილზე'' ივარჯიშეს. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ტრავმების გამო საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას, ჯანო ანანიძე და ჯიმი ტაბიძე გამოტოვებენ. გიორგი მერებაშვილი უკვე ჯანმრთელადაა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება.''

26 მარტი, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე ირლანდიისა და საქართველოს დაპირისპირება იწყება, მიკ მაკარტის გუნდი ''ავივაზე'' კონორ ჰარიჰეინის გოლით სტუმარი გუნდი დაამარცხა.

27 მარტი, თბილისის დროით 17 საათსა და 52 წუთზე ''კრილია სოვეტოვის'' პრესსამსახური vk.com-ის ოფიციალურ გვერდზე გუნდის ვარჯიშის ფოტოებს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ კლუბს ყველა ჯანმრთელი ფეხბურთელი შეუერთდა, მათ შორის ჯანო ანანიძე. კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ანანიძე ჯანმრთელადაა.

ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ ნაკრებს უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში არ ეხმარება, რამდენიმე საათში გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

29 მარტი, რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში საფეხბურთო კლუბმა ''არსენალმა'' გასვლით მატჩში 24 წლის მონტენეგროელი ფორვარდის, ლუკა ჯორჯევიჩის ერთადერთი გოლით სტუმრად სამარის ''კრილია სოვეტოვი'' დაამარცხა. ანანიძემ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 74-ე წუთზე შეცვალეს. 

ანანიძის განცხადება

 ''არსენალთან'' გამართული მატჩის შემდეგ CrystalSport-ის გზავნილი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განმარტების გასაკეთებლად ანანიძემ უპასუხოდ დატოვა, თუმცა რამდენიმე წუთში ფეხბურთელმა Instagram-ის Story-ზე განცხადება გააკეთა: ''შვეიცარიასთან თამაშის შემდეგ ნაოპერაციევი მუხლის ტკივილი ვიგრძენი, რომელიც ოდნავ გასიებული იყო. ვესაუბრე ეროვნული ნაკრების ექიმს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხანგრძლივი ფრენისგან თავი შემეკავებინა. გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე უკეთესი იქნებოდა რამდენიმედღიანი პაუზა ამეღო. 23 მარტის შემდეგ 6 დღე გავიდა და გადავწყვიტე დღეს მეთამაშა, თუმცა სრულად მაინც არ ჩავამთავრე მატჩი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძველი ტრავმები თავს აღარ შემახსენებს, ბოლომდე მოშუშდება და კლუბისთვის და ნაკრებისთვის ბოლომდე დავიხარჯები.''

დავუშვათ, რომ ანანიძის სიტყვები სიმართლეს შეესაბამება და მას ტრავმა აწუხებდა. თუ დუბლინური მატჩიდან რამდენიმე საათში შეძლო კლუბთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს სრული უფლება ჰქონდა მოთამაშისთვის ნაკრების დატოვების უფლება არ მიეცა, მას მკურნალობა ეროვნულ გუნდში გაეგრძელებინა და მისი თამაშის საკითხი 26 მარტს დუბლინში გადაეწყვიტა.

თუ 27 მარტს ანანიძე კლუბში სრულად გამოჯანმრთელებული სრული დატვირთვით ვარჯიშობდა, რატომ ვერ შეძლებდა რამდენიმე საათით ადრე ეროვნული ნაკრების დახმარებას? ვაისმა ანანიძის თამაშის საკითხი რატომ გადაწყვიტა შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ და არა დუბლინში, უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ? 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, ანანიძე 29 მარტის განცხადებაში ამბობს, რომ შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ 6 დღე გავიდა და ამიტომ გადავწყვიტე თამაშიო, მაგრამ მან ხომ 27 მარტს, შვეიცარიასთან გამართული შეხვედრიდან 3 დღეში, კლუბში სრული დატვირთვით ივარჯიშა? თუ მოთამაშე კლუბში სრული დატვირთვით ვარჯიშობს, ეს ნიშნავს, რომ თამაშისთვის მზადაა. ასე რომ ანანიძე თამაშისთვის მზად ირლანდიასთან მატჩიდან რამდენიმე საათში იყო. კლუბში გამართული ვარჯიშის თაობაზე ანანიძე არაფერს წერს და ვითარება კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება.

მოამზადა დიმა შარიქაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები