„ალონსო მოურინიოს, გუარდიოლას და ანჩელოტის დონეზეა“ - სამი ხედირა
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სამი ხედირამ „სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ჩაბი ალონსოს გაშვებაზე ისაუბრა.
ხედირას განცხადებით, ალონსო „რეალში“ აუცილებლად დაბრუნდება.
„დარწმუნებული ვარ, ჩაბი კვლავ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. რაც მან „ლევერკუზენში“ გააკეთა, უბრალოდ წარმოუდგენელია.
თუ გავიხსენებთ გერმანიაში მის სტარტს, ალონსოს გარკვეული პრობლემები მაშინაც ჰქონდა. მისმა გუნდმა რამდენიმე თამაში წააგო. საკუთარი სისტემის დასანერგად ალონსოს გარკვეული დრო დასჭირდა. ალონსოს სათამაშო სტილი მოითხოვს დროს, მოედანზე კომუნიკაციას, ფეხბურთელების სათამაშო ინტელექტს და პირველ რიგში ნდობას მწვრთნელისადმი.
შესაძლოა, ალონსო ზედმეტად იყო კონცენტრირებული საკუთარ სტილზე და არა იმაზე, თუ რა სჭირდება მის ტოპ-ფეხბურთელებს. ალბათ ეს ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორი იყო, ვინაიდან „რეალი“ განსაკუთრებული გუნდია.
დარწმუნებული ვარ, ალონსო მალე ტოპკლუბს ჩაიბარებს, ევროპაში - ინგლისში ან სადმე სხვაგან, და ისევ გახდება ჩემპიონი. ასევე ზუსტად ვიცი, რომ 10-15 წელიწადში ის „რეალში“ ისევ დაბრუნდება. ჩემი აზრით, ალონსო ჟოზე მოურინიოს, პეპ გუარდიოლას და კარლო ანჩელოტის დონეზეა“.
შეგახსენებთ, რომ ალონსო „რეალში“ 2025 წლის ზაფხულში დაინიშნა და 34 თამაშიდან 24 მოიგო, 6 წააგო და 4 ფრედ დაასრულა. „სამეფო კლუბმა“ 44 წლის ბასკი სპეციალისტი 12 იანვარს, ესპანეთის სუპერთასზე „ბარსელონასთან“ მარცხის შემდეგ გაათავისუფლა.