ქართული მენტალიტეტი და პროგრესი | Le Parisien-ის სტატია კვარაზე და ინტერვიუ უებთან
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, Le Parisien-მა, ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა. გამოცემა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტს, დევიდ უებსაც დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
პარი სენ-ჟერმენის ლეტალური იარაღი მიკროსკოპის ქვეშ
„მისთვის ოცნების ასრულება ერთი წლის წინ დაიწყო. 2025 წლის 19 თებერვალი, თითქმის იდენტური სიტუაცია: ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი ფრანგული გუნდის წინააღმდეგ და განმეორებითი მატჩი „პარკ დე პრენსზე“. „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით გამართული ევროპული დებიუტიდან ერთი წლის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ ხვიჩა კვარაცხელია „მონაკოსთან“ მატჩის ძირითად შემადგენლობაში იქნება.
მონაკოსთან შეხვედრამდე ქართველ ფეხბურთელს „მიკროსკოპის ქვეშ“ დავაკვირდებით და ვეცდებით გავარკვიოთ, რის წყალობით გახდა ხვიჩა კვარაცხელია ლუის ენრიკეს სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი და პარიზელთა გულშემატკივრების საყვარელი მოთამაშე.

დრიბლინგი - მისი მთავარი აქტივი
„კვარადონა!“ – ეს მეტსახელი იდეალურად აღწერს ნიჭს, რომელიც მარცხენა გარემარბს აქვს. „პარი სენ-ჟერმენში“ სხვა ქალაქიდან რომ გადმოსულიყო, მისი მემკვიდრეობის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, თუმცა, როცა ნეაპოლი, რომელმაც „მეფე დიეგო“ გააღმერთა, იგივე სამყაროში გეპატიჟება, ეს მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ მოედანზე შენც მისნაირი ენით ლაპარაკობ. თავისუფლება, ენერგიულობა და მოქნილობა – ეს არის სიტყვები, რომლებიც კვარაცხელიას მთავარ იარაღს, დრიბლინგს, იდეალურად აღწერს.
„მაშინ, როდესაც დრიბლინგის ექსპერტები გადაჭარბებულ თეატრალურობას რეპუტაციის გასამყარებლად ან მოძრაობის ეფექტის გაზრდის მიზნით იყენებენ, კვარა მომაკვდინებელ მოქმედებას მხოლოდ ეფექტურობის გამო ასრულებს! სერია A-ს ყველაზე შედეგიანი დრიბლიორი, ფაქტობრივად, დრიბლინგის უნარით დაიბადა! ოჯახური კულტურის გარდა, რომელიც ბურთის დაკარგვას კრძალავდა, სამშობლოში გამართული ვარჯიშები — რომლებიც რთულ პირობებში, ცუდ მოედნებზე ტარდებოდა — მას დაეხმარა, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი ჩამოეყალიბებინა.“
კვარაცხელია ვიდეოანალიზის საშუალებით საკუთარ თამაშს ხვეწს; მას აქვს სპეციალური ვარჯიშები, რომელთა დახმარებითაც ფეთქებადობასა და მიმართულების სწრაფად შეცვლის უნარს იუმჯობესებს.
„კვარაცხელიას დრიბლინგის ფანტასტიკური ტექნიკა აქვს. ბურთის ზედმეტად თრევის ნაცვლად, ის ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იღებს და დრიბლინგს მაშინ ასრულებს, როდესაც ეს საჭიროა. მან იცის, სწორ დროსა და სწორ მონაკვეთში როგორ შეასრულოს დრიბლინგი; ხვდება, ფლანგზე უნდა განაგრძოს სვლა თუ ცენტრისკენ შეიჭრას. ეს განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის მატჩებისას ჩანს, რომლებშიც მაღალი ტემპია. ის ინფორმაციას სწრაფად „ხარშავს“ და გადაწყვეტილებას მყისიერად იღებს. მისი საუკეთესო დრიბლინგი? ცრუმოძრაობა, როდესაც ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ერთ მხარეს მიდის, რეალურად კი საპირისპირო მიმართულებით აგრძელებს“, — ამბობს ვილი სანიოლის ასისტენტი, დევიდ უები.

დარტყმა - მისი უზუსტესი იარაღი
„8 თებერვალს მარსელს საოცარი გოლი გაიტანა, მაგრამ საფირმო დარტყმა, რომლითაც გულშემატკივრებს ახარებს ხოლმე, საერთოდ სხვანაირია. კვარაცხელიას იარაღი ჩახვეული დარტყმაა, რომელსაც, უმეტესწილად, მარჯვენა ფეხით, საჯარიმოს მისადგომებიდან ასრულებს. პარი სენ-ჟერმენში გატანილი ყველა გოლი ასეთი არ ყოფილა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი ფლანგიდან ცენტრში ხშირად იჭრება და ცდილობს, მეტოქის კარი აიღოს.
კვარა ამ მოძრაობაზე ბავშვობიდან მუშაობდა, რადგან სურდა, მამამისისთვის — ბადრისთვის მიებაძა. ბადრი კვარაცხელია ყოფილი ფეხბურთელია, რომლის გამორჩეული მომენტების ნახვა ხვიჩას მხოლოდ DVD-ზე შეეძლო. ძალისა და სიზუსტის ასეთი კომბინაცია აიხსნება არა მხოლოდ მოქმედების მრავალჯერადი გამეორებით, არამედ თეძოს მომხრელი და მუხლის გამშლელი კუნთების გაძლიერებაზე აქტიური მუშაობითაც.
„მისი მთავარი აქტივი? გოლის გატანა ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია. სავარჯიშო სესიების შემდეგ ხვიჩას ყოველთვის დამატებითი ვარჯიშების გაკეთება სურს. საქმე იქამდე მიდის, რომ ხანდახან ვეუბნებით, დამშვიდდეს და დაისვენოს. კვარაცხელია ძალისა და სიზუსტის კომბინაციას შესანიშნავად ახდენს; ის მცველებისთვის ნამდვილი ღამის კოშმარია,“ - ამბობს უები.

მენტალიტეტი - მისი მამოძრავებელი ძალა, რომელიც იმედს არასდროს უცრუებს
„ეპიზოდი, რომელიც კვარაცხელიას ყველაზე კარგად აღწერს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი კი არა, 79-ე წუთზე მომხდარი ამბავია. ხვიჩა ფეთქებადი სიჩქარით დაცვაში ჩადის და დენზელ დუმფრისს ბურთს ართმევს. არასდროს დანებდე, არასდროს დაიმალო! მაშინაც კი, როდესაც დაღლილი ხარ და გარემო პირობების გამო შესაძლოა, თვითკმაყოფილებას მიეცე. არ დანებდე, არ დაიმალო! ეს არის მენტალიტეტი, რომლითაც ქართველი ფეხბურთელი ყველა შეხვედრას უდგება.
კვარაცხელია ამ მენტალიტეტს „ქართულს“ უწოდებს. პატივისცემისა და პირობის შესრულების კულტურაზე დაფუძნებული აღზრდა მას, როგორც საკუთარი ქვეყნის ელჩს, ავალდებულებს, ყოველთვის მაქსიმუმი გააკეთოს.
„ვფიქრობ, ნაპოლიში კონტეს მისვლა მას დაეხმარა, უფრო აგრესიული გამხდარიყო. პარი სენ-ჟერმენში გადასვლის შემდეგ მან დაცვაში თამაში გააუმჯობესა და გუნდურობის მხრივაც მოუმატა. ლუის ენრიკემ მის პროგრესში დიდი როლი ითამაშა, რადგან ვხედავთ, რომ პსჟ-ში კვარა დაცვაში აქტიურად ჩადის. ყველა დიდ მოთამაშეს არ აქვს სურვილი, გუნდისთვის იშრომოს და დაცვაში ითამაშოს. ის საკუთარ კარს შეუპოვრად იცავს და მაშინაც მაქსიმუმს აკეთებს, როდესაც შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთია დარჩენილი,“ - ამბობს დევიდ უები.

გეტყვით იმასაც, რომ ხვიჩა კვარაცხელია ლუის ენრიკემაც შეაქო. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ „კვარა“ განსაკუთრებული მოთამაშეა, რადგან დრიბლინგის, გოლების გატანისა და დაცვაში ეფექტური თამაშის უნარებს აერთიანებს.