ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის პირველი დღე | საინტერესო ფაქტები
ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში მერვედფინალის მონაწილე ოთხი გუნდის ვინაობა გაირკვა. „ატლეტიკომ“ „ბრიუგე“ დაამარცხა, „ლევერკუზენმა“ „ოლიმპიაკოსს“ აჯობა, „ნიუკასლმა“ „ყარაბაღი“ გაანადგურა, ხოლო „ბუდე/გლიმტმა“ სენსაცია შემოგვთავაზა და „ინტერი“ გამოაგდო.
ამ სტატიაში სწორედ ზემოთ ხსენებულ ოთხ დაპირისპირებას შევეხებით და საინტერესო ფაქტებს გაგიზიარებთ:
ატლეტიკო - ბრიუგე 4:1 (7:4 ორი მატჩის ჯამში)
2013/14 წლების სეზონის შემდეგ „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 11-ჯერ გავიდა. ამ პერიოდში „როხიბლანკოზე“ უკეთესი შედეგი მხოლოდ „ბაიერნმა“ (13), „რეალმა“ (13), „სიტიმ“ (12) და „პარი სენ-ჟერმენმა“ (12) დააფიქსირეს.
„ატლეტიკომ“ „ბრიუგეს“ 7 გოლი გაუტანა და ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ეს მადრიდელთათვის საუკეთესო შედეგია. აქამდე ორმატჩიან დუელში „ატლეტიკოს“ ყველაზე მეტი, 5 გოლი „მილანთან“ ჰქონდა გატანილი - 2013/14 წლების სეზონში.
„ბრიუგემ“ ევროტურნირების პლეიოფში გამართული ბოლო 11 მატჩიდან 8 წააგო (2 მოგება, 1 ფრე). ბელგიელები ამ თამაშებში საშუალოდ 2.6 გოლს უშვებენ.
ალექსანდრ სორლოტი „ატლეტიკოს“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ჰეთ-თრიქი შეასრულა.
„ატლეტიკომ“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში სტანდარტულებიდან 8 გოლი გაუშვა.
ლევერკუზენი - ოლიმპიაკოსი 0:0 (2:0 ორი მატჩის ჯამში)
„ლევერკუზენს“ საკუთარ კედლებში 495 წუთია გოლი არ გაუშვია. „ფარმაცევტებს“ სტუმრად 5 მატჩია ვერ უტანენ.
ინტერი - ბუდე/გლიმტი 1:2 (2:5 ორი მატჩის ჯამში)
„ბუდე/გლიმტი“ პირველი ნორვეგიული კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ორმატჩიანი დუელი მოიგო. „ბუდე/გლიმტამდე“ მსგავსი რამ ევროპის თასზე „ლილესტრიომს“ ჰქონდა გაკეთებული, რომელმაც „ლინფილდს“ მოუგო - 1987/88 სეზონი.
პირველად ისტორიაში - ნორვეგიულმა კლუბმა ევროპის თასი/ჩემპიონთა ლიგის ეგიდით იტალიური კლუბი პლეიოფიდან გამოაგდო. აქამდე ნორვეგიულ კლუბს იტალიური კლუბი ევროპა ლიგაზე ჰყავდა გამოგდებული - 2024/25 წლების სეზონში „ბუდე/გლიმტმა“ „ლაციო“ დაამარცხა.
ტოპ 5 ჩემპიონატის მიღმა მოასპარეზე გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პლეიოფიდან „ინტერი“ პირველად გამოაგდო. ბოლო ევროპული ტურნირი, რომლიდანაც „ინტერი“ ტოპ 5-ს მიღმა მოასპარეზე გუნდმა გამოაგდო, ევროპის თასია. 2001/02 წლებში „ნერაძურის“ „ფეიენოორდმა“ აჯობა.
„ბუდე/გლიმტი“ „აიაქსის“ შემდეგ პირველი გუნდია, რომელიც ტოპ 5 ჩემპიონატში არ თამაშობს, მაგრამ ევროპის თასზე/ჩემპიონთა ლიგის ერთ გათამაშებაში ზედიზედ ოთხი მატჩი მოუგო ტოპ 5 ჩემპიონატის წარმომადგენელს. ამსტერდამელებმა ეს 1971/72 წლების სეზონში გააკეთეს. ნორვეგიელებმა კი „ინტერს“ (ორი) „სიტისა“ და „ატლეტიკოს“ მოუგეს.
ნიუკასლი - ყარაბაღი 3:2 (9:3 ორი მატჩის ჯამში)
ყარაბაღმა ჩემპიონთა ლიგის სეზონი 30 გაშვებული გოლით დაასრულა. ჩემპიონთა ლიგის ერთ გათამაშებაში ამაზე მეტი გოლი არც ერთ გუნდს გაუშვია.