ყველაფერი, რაც ჩემპიონთა ლიგაზე გამოგრჩათ
Aa
Aa

ყველაფერი, რაც ჩემპიონთა ლიგაზე გამოგრჩათ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი ოფიციალურად დასრულდა. გუშინ ორი შეხვედრა გაიმართა და მეოთხედფინალის საგზური „ლივერპულმა“ და „ბარსელონამ“ დაისაკუთრეს.

"მერსისაიდელებმა" „ალიანს არენაზე“ „ბაიერნს“ 3-1 სძლიეს, ხოლო „ბლაუგრანამ“ „კამპ ნოუზე“ „ლიონი“ 5-1 გაანადგურა.

პოჩეტინო „კამპ ნოუზე“

„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო, „ბარსელონასა“ და „ლიონის“ შეხვედრას დაესწრო. კატალონიის ამ ნაწილში არგენტინელი სპეციალისტი დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. რამდენიმე წლის წინ იგი „ესპანიოლს“ ედგა სათავეში და არაერთხელ განაცხადა, რომ „ბლაუგრანას“ თავკაცის პოსტს არასდროს ჩაიბარებდა.

„კამპ ნოუზე“ პოჩეტინო თავის ასისტენტ ხესუს პერესთან ერთად იმყოფებოდა და როგორც ჩანს ერთ-ერთ კონკურენტს აკვირდებოდა.

„ლივერპულის“ ქომაგებმა ვან დაიკს უმღერეს

„სკაუზერებს“ საყვარელი გუნდის გულშემატკივრობაში ბადალი არ ჰყავთ. გამონაკლისი არც „ბაიერნთან“ გამართული შეხვედრა ყოფილა. „წითლების“ ქომაგები, როგორც სტადიონზე, ასევე მის მიღმა „მერსისაიდელებს“ ბოლომდე ედგნენ მხარში.

ლივერპულელებმა შეხვედრის გმირი, ვირჯილ ვან დაიკი, გამოარჩიეს, მას სიმღერა მიუძღვნეს და მიუნხენში საოცარი ატსმოფერო შექმნეს.

დაპირისპირება კატალონიაში

„ბარსელონასთან“ თამაშის სანახავად „ლიონის“ 5000-ზე მეტი გულშემატკივარი ჩავიდა. როგორც მოსალოდნელი იყო ფრანგმა ულტრასებმა ქალაქში არეულობა გამოიწვიეს და პოლიციას დაუპირისპირდნენ. სამართალდამცველებთან შეტაკების შედეგად დაზიანება „ლიონის“ 5-მა ქომაგმა მიიღო.

შვაინშტაიგერი დაბრუნდა

„ბაიერნის“ ქომაგების ფავორიტი, ბასტიან შვაინშტაიგერი, „ალიანს არენას“ დაუბრუნდა. „რეკორდმაისტერის“ ყოფილმა მოთამაშემ კლუბს „ლივერპულთან“ მატჩის წინ წარმატება უსურვა.

ლუის სუარესმა მარსელოს კარიერა დაასრულა

„ბარსელონას“ ურუგვაელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა კვლავ ვერ მოახერხა, თუმცა გულშემატკივრებს თავი მაინც დაამახსოვრა. „ბლაუგრანას“ ფორვარდმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ერთ ეპიზოდში მარსელო შესანიშნავი მოძრაობით ჩამოიშორა. ლუისის „ფინტს“ „კამპ ნოუზე“ შეკრებილი ქომაგების აპლოდისმენტები მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები