Aa
Aa

ტოტენჰემი VS დორტმუნდი - მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ტოტენჰემმა“ „დორტმუნდი“ 3:0 დაამარცხა და საპასუხო მატჩი თითქმის ფორმალობად აქცია.

ინგლისელებმა სამივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს, თავი სონმა, ვერტონგენმა და ლორენტემ გამოიჩინეს. მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია მოეწყო, რომლის დროსაც მაურისიო პოჩეტინომ შეგირდები შეაქო, ლუსიენ ფავრი კი აღნიშნავდა, რომ მისმა გუნდმა საკუთარი შეცდომების გამო წააგო.

პოჩეტინო: „რა თქმა უნდა გახარებული ვარ. მინდა ჩემს ბიჭებს კიდევ ერთხელ მივულოცო ეს გამარჯვება. მათ არაჩვეულებრივად ითამაშეს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ პირველი ეტაპია და დორტმუნდთან კიდევ ერთი შეხვედრა უნდა გავმართოთ. რა თქმა უნდა 3-0 კარგი შედეგია, თუმცა ისეთი გუნდის შესაძლებლობებს როგორიც დორტმუნდია პატივი უნდა სცე. რაც შეეხება მატჩს. პირველი ნახევარი რთული იყო, რადგან თავდაჯერებულობა გვაკლდა და მოედანზე თავს არაკომფორტულად ვგრძნობდით. პირველ 45 წუთში ის თამაში ვერ ვაჩვენეთ რაც დავგეგმეთ. მეორე ტაიმში კი ხარვეზები გამოვასწორეთ და პირველი გატანილი გოლის შემდეგ თავდაჯერებულობაც მოგვემატა.“

ფავრი: „როგორც ნახეთ პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, რამდენიმე რეალური შანსი შევქმენით და დაცვაშიც მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით, თუმცა მეორე ნახევარში ეს ყველაფერი წყალს გავატანეთ. გუნდი შეტევაში თავდავიწყებით მიდიოდა და როდესაც ბურთს ვკარგავდით დაცვაში თამაში ძალიან გვიჭირდა. მოწინააღმდეგემ სწორედ ამით ისარგებლა და შეცდომები არ გვაპატია.“

„ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში მესამედ თამაშობს და ამ სტადიაზე საშინაო მატჩი პირველად მოიგო. გუნდები საპასუხო შეხვედრას 5 მარტს, დორტმუნდში ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები