Aa
Aa

მანჩესტერი VS პსჟ - მატჩის წინ

დაახლოებით 2 თვიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა 1/8 ფინალური ეტაპით ბრუნდება. აღნიშნული სტადიის ერთ-ერთი გამორჩეული წყვილი, "მანჩესტერ იუნაიტედმა" და ფრანგულმა "პარი სენ ჟერმენმა" შეადგინეს, რომლებიც დღეს, ინგლისში პირველ მატჩს ჩაატარებენ.

ოლე-გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით, "წითელმა ეშმაკებმა" 11-დან 10 თამაში მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს, პარიზელები კი ბოლო დროს იდეალური ფორმისგან საკმაოდ შორს არიან, რასაც საკადრო პრობლემებიც ემატება.

ედინსონ კავანის მოედანზე გასვლა გუშინ საბოლოოდ გამოირიცხა, ასევე ვერ ითამაშებენ - ნეიმარი და ტომას მუნიე. არასახარბიელო სიტუაციაა ნახევარდაცვის ცენტრში, რომლის ლიდერი მარკო ვერატი დაშავებული იყო და ოპტიმალურ ფორმაში არაა.

პარიზელებმა გასულ კვირას, საფრანგეთის თასზე, მე-5 ლიგის წარმომადგენელ "ვილაფრანშთან" დამატებითი დრო ითამაშეს, უქმეებზე კი "ბორდოს" 1:0 მოუგეს. მათი დამრიგებელი, ტომას ტუხელი აღნიშნავს, რომ ლიდერების არყოფნის მიუხედავად, გუნდი სტილს არ შეიცვლის და შემტევ ფეხბურთს ითამაშებს.

"რა თქმა უნდა, ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც ნეიმარი და კავანი არიან ვერ ჩაანაცვლებ, ისინი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან და ძალიან დაგვაკლდებიან. თუმცა, გუნდს თავისი იდენტობა აქვს და საკვანძო ფეხბურთელების არყოფნა ამ იდენტობას ვერ შეცვლის. თქვენ იცით, რომ ტრადიციულად შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ, ჩვენ „პსჟ“ ვართ, რომელიც შანსებს ქმნის და იყენებს, ეს დნმ-ში გვაქვს.

მინდა, რომ ჩემი ფეხბურთელები მოედანზე მამაცები იყვნენ, ყველას დაანახონ, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ბრძოლისთვის მზად ვართ. მარცხისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, თუმცა ამ ეტაპზე მატჩის შედეგის პროგნოზირებას არ დავიწყებ, მთავარია, რომ აქ გოლის ან გოლების გასატანად ჩამოვედით. ველით, რომ „იუნაიტედი“ ისე ითამაშებს, როგორც ბოლო რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს დაპირისპირება დღეს არ მთავრდება, ისინი პარიზში უნდა ჩამოვიდნენ". 

რაც შეეხებათ ინგლისელებს, ისინი მატეო დარმიანისა და ანტონიო ვალენსიას გარეშე ითამაშებენ, შესაბამისად, მარჯვენა მცველის პოზიციაზე ეშლი იანგი ან დიეგო დალოტი უნდა ვიხილოთ.

სოლსკიაერის შეგირდებმა უქმეებზე "ფულემთან" წაივარჯიშეს და მეტოქე 3:0 დაამარცხეს. ნორვეგიელი სპეციალისტი და მისი ბიჭები მშვენიერ განწყობაზე არიან.

"ამ თამაშის მოსაგებად მაქსიმუმს გავაკეთებთ. ჩვენ თავდაჯერებულები ვართ და ჩვენი თამაში ვიპოვნეთ. უკვე ვიცი რა გუნდიც მყავს და რისი გაკეთებაც შეუძლია, ვიცით მსგავს მატჩებს როგორ მივუდგეთ. ამ შეხვედრას როგორც ფეხბურთელები ისე გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან, რადგან ეს განსაკუთრებული საღამო იქნება.

ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენ მოედანზე თავდაჯერებულები უნდა გავიდეთ. როდესაც ისეთი ფეხბურთელები ვერ გეხმარებიან, როგორებიც ნეიმარი, კავანი და მუნიე არიან, თამაშს საგრძნობლად ცვლის, თუმცა ეს სხვა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსს აძლევს. ასე რომ, მათი არყოფნა მე საქმეს მირთულებს და მატჩს უფრო არაპროგნოზირებადს ხდის, რადგან არ ვიცი ვინ ითამაშებს. როდესაც მთელი სეზონის განმავლობაში კავანი ნეიმარი მბაპეს ტრიოს უყურებ, იცი რასაც უნდა ელოდე, მაგრამ ეს ის შემთხვევა არაა. ამ ეტაპზე, ვფიქრობ მოწინააღმდეგე გუნდი რას შემოგვთავაზებს და თამაშს როგორ წაიყვანს". 

ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი სათამაშო დღე ისტორიული იქნება, რამეთუ ამ ტურნირზე ვიდეო რეფერის სისტემას პირველად გამოიყენებენ. "მანჩესტერისა" და "პსჟ"-ს მატჩი თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება და მას იტალიელი დანიელე ორსატო იმსაჯებს.

მსგავსი სიახლეები