ერთწლიანი პატიმრობა და 1.75 მილიონი ფუნტი! მოურინიო ციხეს გადაურჩა
კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ ესპანელ სამართალდამცავებთან გარიგება ჟოზე მოურინიომ დადო. პორტუგალიელ სპეციალისტს ბრალად გადასახადების დამალვას სდებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით საქმე 2.9 მილიონ ფუნტს ეხება, რომელიც ჟოზემ 2011-დან 2012 წლამდე მიიღო.
„მოუს“ 1.75 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს და 12 თვიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კანონი პირველად დაარღვია და თან არაძალადობრივი დანაშაული ჩაიდინა, გისოსებს მიღმა დროის გატარება არ ემუქრება.
ერთწლიანი პატიმრობის ნაცვლად მოურინიოს ჯარიმის გადახდა დაეკისრა, რომელიც 24 თვეზე იქნება გადანაწილებული და ჯამში 160000 ფუნტის დაფარვა მოუწევს.
„განსაკუთრებულმა“ შეთანხმებას ხელი დღეს, მადრიდში მდებარე სასამართლოში მოაწერა. პორტუგალიელ სპეციალისტს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.