ლორიას წარმატებული დებიუტი გერმანიის ჩემპიონატში
Aa
Aa

ლორიას წარმატებული დებიუტი გერმანიის ჩემპიონატში

საქართველოს ეროვნული ნაკრების 33 წლის მეკარემ, გიორგი ლორიამ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ ''მაგდებურგში'' სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. მეორე ბუნდესლიგის მე-19 ტურში ''მაგდებურგმა'' საკუთარ მოედანზე,  MDCC არენაზე ''აუე'' 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის 44-ე წუთზე ფელიქს ლოკემპერმა გაიტანა.

გერმანული კლუბის ახალწვეულმა, გამოცდილმა ქართველმა მეკარემ, გიორგი ლორიამ სასტარტო შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა.

თბილისის ''დინამოსა'' და ბერძნული ოფი-ს ყოფილმა მოთამაშემ 1 სეივი შეასრულა, პირველ ტაიმში მეტოქის სახიფათო დარტყმა ლორიამ კუთხურზე მოიგერია.

2018 წლის 21 აპრილის შემდეგ ლორიამ საკლუბო დონეზე პირველი მატჩი ჩაატარა. აღნიშნულ დღეს რუსეთის პრემიერლიგის 27-ე ტურში ''ანჟი'' შინ 0:1 დამარცხდა ''უფასთან.'' ლორიამ 90 წუთი ითამაშა. გასულ ზაფხულში ლორია ''ანჟიდან'' ''კრილია სოვეტოვს'' დაუბრუნდა, თუმცა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კლუბი დატოვა და სეზონის პირველი ნახევარი გაუცდა.

გამარჯვების შემდეგ ''მაგდებურგმა'' გასავარდნ ზონას თავი დააღწია, 18-გუნდიან ლიგაში 14 ქულით მე-15 ადგილზეა და უშუალო კონკურენტებს მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. მე-19 ტურის შეხვედრაში ''ზანდჰაუზენი'' ''ჰამბურგს'' ესტუმრება. ''ზანდაუზენის'' გამარჯვების შემთხვევაში ლორიას გუნდი კვლავ გასავარდნ ზონაში აღმოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ ''მაგდებურგმა'' მეორე ბუნდესლიგაში 10-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

 

ლორიას მსგავსად ''მაგდებურგის'' მაისურით სადებიუტო შეხვედრა მიუნხენის ''ბაიერნისა'' და ''შალკეს'' ყოფილმა საყრდენმა, იან კირკხოფმა ჩაატარა. 28 წლის მოთამაშე კლუბს მიმდინარე თვის დასაწყისში შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები