17 წლის ქართველი ტალანტი რუსულ კლუბში ითამაშებს
საქართველოს 19 წლამდე ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას მოსკოვის ''ლოკომოტივში'' გააგრძელებს. რუსული კლუბის მთავარი მწვრთნელის, იური სიომინის განცხადებით მხარეებმა კონტრაქტი გააფორმეს. ინფორმაცია სიომინმა championat.com-თან საუბარში დაადასტურა.
სიომინის თქმით ქართველი ტალანტი რუსულ კლუბთან ერთად ესპანურ შეკრებაზე მარბელაში გაემგზავრება.

ხვიჩა კვარაცხელია თბილისის ''დინამოს'' აღზრდილია. 2017 წელს ''დინამოს'' პირველ გუნდში 5 მატჩი ჩაატარა და ქობულეთის ''შუქურასთან'' გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო.
გასულ წელს კვარაცხელია ''რუსთავში'' გამოდიოდა, ეროვნული ლიგის 21 შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შემტევი სტილის ნახევარმცველმა საქართველოს 17 წლამდე ნაკრების მაისურით 8 მატჩში 3 გოლი შეაგდო, ხოლო 19 წლამდე ნაკრების რიგებში ექვს შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა.
შეგახსენებთ, მოსკოვის ''ლოკომოტივში'' საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი სოლომონ კვერკველია ასპარეზობს.
ფოტო: gff.ge