Aa
Aa

8 ქულა, 10 მოხსნა - ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ნიუ ორლეანს" სძლია

მიჯრით განცდილი ორი მარცხის შემდეგ ზაზა ფაჩულიას „დეტროიტმა“ წარუმატებელი სერია შეწყვიტა. გამთენიისას „პისტონსი“ ენტონი დევისის გარეშე დარჩენილ „ნიუ ორლეან პელიკანსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა.

დეტროიტელებმა წარმატებას დაცვაში კარგი თამაშის ხარჯზე მიაღწიეს. დუეინ კეისის გუნდმა მეტოქეს მხოლოდ და მხოლოდ 94 ქულა ჩააგდებინა, თავად კი 98-ს დასჯერდა.

ანდრე დრამონდის არყოფნაში ზაზა ფაჩულია კვლავ ძირითად შემადგენლობაში გახლდათ გამწესებული. ქართველმა ცენტრმა 8 ქულა, 1 შედეგიანი გადაცემა, 10 მოხსნა (5 მეტოქის ფარზე), 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ზაზამ 6-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

„დეტროიტს“ ტრადიციულად ბლეიკ გრიფინმა ულიდერა. „პისტონსის“ მძიმე ფორვარდმა თავი 37 ქულას მოუყარა. რეჯი ჯექსონმა შეხვედრა 17 ქულით დაასრულა. ჯონ ლეუერი კი 11 ქულით გამოირჩა.

„პისტონსისთვის“ „პელიკანსთან“ მოპოვებული გამარჯვება წლევანდელ სეზონში 21-ე აღმოჩნდა. დეტროიტელები აღმოსავლეთ კონფერენციის მეცხრე ადგილს იკავებენ და შემდეგ შეხვედრას სტუმრად "დალასის" წინააღმდეგ გამართავენ.

ასევე იხილეთ - გიორგი შერმადინის "უნიკახამ" "ლიმოჟი" დაამარცხა

მსგავსი სიახლეები