NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა
სან ანტონიო - კლიპერსი 95 – 103
გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სამად სამი შეხვედრა გაიმართა. „კლიპერსმა“ როგორც იქნა წარუმატებელი სერია შეწყვიტა და სტუმრად "სან ანტონიოსთან" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ლოს-ანჯელესურ გუნდს 27 ქულით ტობაიას ჰერისმა ულიდერა. პატრიკ ბევერლიმ აქტივში 18 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ჯონათან მოტლიმ კი გუნდს 10 ქულა შესძინა.
„სპურსის“ რიგებში საუკეთესო ლამარკუს ოლდრიჯი გახლდათ, რომელმაც თავი 30 ქულასა და 14 მოხსნას მოუყარა. რუდი გეი 19 ქულით გამოირჩა, მარკო ბელინელიმ კი 12 ქულა დააგროვა.
ინდიანა - შარლოტი 120 – 95
კემბა უოკერის „ჰორნეთსის“ სამმატჩიანი წაუგებელი სერია „ინდიანასთან“ შეწყდა. ვიქტორ ოლადიპოს გუნდმა მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
„პეისერსს“ 21 ქულით სწორედ „დიპომ“ ულიდერა. დარენ კოლისონმა აქტივში 19 ქულა ჩაიწერა, ბოგდან ბოგდანოვიჩი და დომანტას საბონისი კი 16-16 ქულით გამოირჩნენ.
„ჰორნეთსს“ 23 ქულით კემბამ ულიდერა. მალიკ მონკმა თავი 11 ქულას მოუყარა. ბისმაკ ბიომბო და ჯერემი ლემბი 10-10 ქულას დასჯერდნენ.
მინესოტა - ფინიქსი 116 – 114
დერიკ როუზის საოცარი GAME WINNER-ის წყალობით „მინესოტამ“ საკუთარ მოედანზე დასავლეთ კონფერენციის აშკარა აუთსაიდერი, „ფინიქს სანსი“ დაამარცხა.
„ტიმბერვულვზის“ გამარჯვება დიდწილად სწორედ 30 წლის კალათბურთელის დამსახურება გახლავთ. დერიკმა მეორე ნახევარში 29 ქულა დააგროვა და როგორც აღვნიშნეთ გამარჯვების მომტანი სროლა გაიფორმა.
როუზის გარდა 30 ქულით კარლ ენტონი თაუნსი გამოირჩა. ტაჯ გიბსონმა კი გუნდს 17 ქულა შესძინა.
იგორ კოკოშკოვის გუნდის რიგებში საუკეთესო ტი ჯეი უორენი გახლდათ, რომელმაც შეხვედრა 21 ქულით დაასრულა. კელი უბრე ჯუნიორმა და დევინ ბუკერმა 18-18 ქულა მიითვალეს.