ანანიძემ ''კრილია სოვეტოვთან'' სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე კარიერას ''კრილია სოვეტოვში'' გააგრძელებს. მოსკოვის ''სპარტაკის'' ქართველი შემტევის არნემის ''ვიტესში'' გადასვლა ვერ მოხერხდა და მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარს 26 წლის ფეხბურთელი სამარულ კლუბში განათხოვრების წესით გაატარებს.
''კრილია სოვეტოვის'' დირექტორმა ალექსანდრ შიკონუვმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში დაადასტურა, რომ ფეხბურთელთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია და მხოლოდ ფორმალური მხარეა მოსაგვარებელი.
Р-Спорт-ი იუწყებოდა, რომ ანანიძე არნემულ კლუბში გადასვლას დათანხმდა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება არ შედგა და ქართველს კვლავ რუსეთის პრემიერლიგაში მოუწევს თამაში.
ანანიძემ გასულ და მიმდინარე სეზონში საერთო ჯამში პრემიერლიგის მხოლოდ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მიზეზი მძიმე ტრავმებია. საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეს პროფესიული კარიერის დიდი ნაწილი მოსკოვის ''სპარტაკში'' აქვს გატარებული. რუსულმა კლუბმა 2013-14 წლების სეზონში ანანიძე ''როსტოვში'' გაანათხოვრა.
შეგახსენებთ, გასულ თვეში sport-express-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით მოსკოვის ''სპარტაკს'' ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე დატოვებდა. გასულ თვეში კლუბმა ფეხბურთელის აგენტს მიმართა. მიმართვის მიხედვით აგენტს ქართველი ფეხბურთელისთვის ახალი გუნდის მოძებნა მოუწევდა.