ლორიას მომავალი გაურკვეველია
Aa
Aa

ლორიას მომავალი გაურკვეველია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კვლავ გუნდის გარეშეა. СrystalSport-ის ინფორმაციით გამოცდილი მეკარე შემოთავაზებებს ელის. ამჟამად ქართველი მეკარე კონკრეტულ წინადადებას არ განიხილავს.

32 წლის ფეხბურთელმა გასული წლის სექტემბერში ''კრილია სოვეტოვი'' თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, რის შემდეგაც ფორმის შენარჩუნების მიზნით ყოფილ კლუბში, თბილისის ''დინამოში'' ვარჯიშობდა.

უგუნდოდ მყოფმა ლორიამ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ექვსივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.

''კრილია სოვეტოვის'' დატოვების შემდეგ ლორიამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან განაცხადა:  ‘‘საწყენია რომ კლუბიდან წასვლა ასეთი ფორმით მიწევს. უპირველესად თითოეულ ქომაგს დიდ მადლობას ვუხდი. ასევე დიდი მადლობა კლუბს. კლუბში თამაშის სურვილი კვლავ მქონდა, თუმცა ასე გამოვიდა.

‘‘კრილიაში’’ ორი წელი ვითამაშე, ახლა კი კლუბს ვემშვიდობები. კლუბს და ქალაქს ძალიან მივეჩვიე. ‘‘კრილიაში’’ თამაში და სამარაში ცხოვრება ძალიან სასიამოვნო იყო. ქომაგებთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. მათ წარმატებებს ვუსურვებ. მსურს კლუბმა დასახულ მიზნებს მიაღწიოს.’’

2015 წელს გიორგი ლორიამ პირეოსის ''ოლიმპიაკოსი'' დატოვა და ''კრილია სოვეტოვის'' ფეხბურთელი გახდა.  2017-18 წლების სეზონი განათხოვრებით ''ანჟიში'' გაატარა, შემდეგ კი სამარულ კლუბს დაუბრუნდა.

საერთო ჯამში ლორიამ რუსეთის პრემიერლიგაში 52 მატჩი ჩაატარა. რუსული გამოცემების ვერსიით არაერთხელ ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

რუსული კლუბების გარდა ლორიას თბილისის ''დინამოსა'' და ბერძნული ოფი-ს შემადგენლობაში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები