ზამთრის სატრანსფერო პერიოდი - რა პოზიციის გაძლიერება სჭირდებათ ევროპულ გრანდებს
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ხმაურიანი გარიგებები იშვიათად იჩარხება. გამონაკლისი დიდი ალბათობით არც 2019 იქნება. ტრადიციულად ყველაზე მეტს პრემიერ ლიგის კლუბები ხარჯავენ, თუმცა მათ არც „ბაიერნი“, „ბარსელონა“ და „რეალი“ ჩამოუვარდებიან.
იდეალური შემადგენლობა არცერთ გრანდს ჰყავს და ნიუანსების გამოსწორებაზე თითოეულმა მათგანმა უნდა იზრუნოს.
მანჩესტერ სიტი
ფერნანდინიოს გარეშე „სიტის“ სერიოზული პრობლემები აქვს. ბრაზილიელი საყრდენის არყოფნაში „ქალაქელები“ „კრისტალ პალასთან“ და „ლესტერთან“ დამარცხდნენ და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგეს. ბრიტანული გამოცემების ცნობით დროა კლუბის მესვეურებმა ფერნანდინიოს სრულფასოვანი შემცვლელის ძიება დაიწყონ. ეს უკანასკნელი 33 წლისაა და უმაღლეს დონეზე თამაშს დიდხანს ნამდვილად ვერ გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ პეპ გუარდიოლამ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გიუნდოგანის და სტოუნსის გამწესება სცადა, თუმცა მათ გაცემული ავანსები ვერ გაამართლეს.
"სიტის" დაცვის მარცხენა ფლანგზე არსებული პრობლემების აღმოფხვრაც მართებს. ბენჟამინ მენდის ტრავმები აწუხებს და სიტუაციის გამოსასწორებლად გუარდიოლა ხშირად ექსპერიმენტებს მიმართავს, რაც შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს.
ტოტენჰემი
"ტოტენჰემისთვის" გასულმა ზაფხულმა ტრანსფერების გარეშე ჩაიარა. „დეზები“ წლევანდელ სეზონში დიდი მიზნებისთვის იბრძვიან, თუმცა ასეთი პოლიტიკით წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდებათ.
პოჩეტინოს გუნდს ნახევარდაცვაში საკადრო პრობლემები აქვს. ტრავმების გამო ლონდონელებს რამდენიმე ფეხბურთელი გამოაკლდათ და მათი შემცვლელის პოვნა ურიგო ნამდვილად არ იქნება.
ტობი ალდერვეირელდის საკითხი ცალკე აღნიშნვის ღირსია. ბრიტანული გაზეთების ცნობით ბელგიელი ცენტრალური მცველი კლუბის დატოვების ვარიანტს განიხილავს და მცირე დროში მისი სრულფასოვანი შემცვლელის პოვნა ადვილი საქმე არ გახლავთ.
ლივერპული
„მერსისაიდელები“ შესანიშნავ სეზონს ატარებენ. იურგენ კლოპის კოლექტივი პრემიერ ლიგის უპირობო ლიდერია და როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, ბრწყინვალედ გამოიყურება. "წითლებისთვის" ხმაურიანი ტრანსფერის გაჩარხვა აუცილებლობა არაა. ყველაფერთან ერთად "ლივერპულს" სეზონის დასკვნით ნაწილში ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი დაუბრუნდება. ეს უკანასკნელი მაღალი დონის ფეხბურთელია და თუ სათამაშო ფორმის აღდგენა მოახერხა გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდება.
ზამთარში "ენფილდი" შესაძლოა მინოლემ დატოვოს და სათადარიგო მეკარის გადმობირება გარდაუვალი აღმოჩნდეს...
არსენალი
პრემიერ ლიგის სხვა კლუბების მსგავსად საკადრო პრობლემები უნაი ემერის "არსენალსაც" აწუხებს. ლონდონელების რამდენიმე უკანახაზელი ტრავმირებულია, რაც "მეთოფეებისთვის" სერიოზულ პრობლემად იქცა.
ესპანელი სპეციალისტის გუნდის მთავარი მიზანი მაღალი დონის ცენტრალური მცველის გადმობირებაა.
აუცილებელია ხაზი აარონ რემზის საკითხსაც გავუსვათ. ეს უკანასკნელი ლონდონს უახლოეს მომავალში დატოვებს, მის შემცვლელად კი ევერ ბანეგა განიხილება. „არსენალის“ წარმატება გარკვეულწილად მესუთ იოზილის სათამაშო ფორმაზეც იქნება დამოკიდებული. დღესდღეობით აშკარაა, რომ გერმანელი ფეხბურთელი გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს.
ჩელსი
„ჩელსის“ შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა. ლონდონელთა თავკაცმა, მაურიციო სარიმ, რამდენჯერმა აღნიშნა, რომ წარმატების მისაღწევად კვალიფიციური ცენტრფორვარდის გადმობირებაა საჭირო.
ბრიტანულ პრესაში სავარაუდო ვარიანტებად ჯეიმი ვარდი, გონსალო იგუაინი და კალუმ უილსონი განიხილებიან. ყველაფერთან ერთად „ლურჯებმა“ აზარის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ კითხვებსაც უნდა გასცენ პასუხი.
მანჩესტერ იუნაიტედი
ოლე გუნარ სოლსკიაერის „მანჩესტერი“ მშვენივრად გამოიყურება. ნორვეგიელი სპეციალისტის კოლექტივმა პრემიერ ლიგის 4 შეხვედრიდან ყველა მოიგო და შემტევი ფეხბურთის მიმდევარია.
ყველას მშვენივრად მოეხსენება, რომ ჟოზე მოურინიოს ცენტრალური მცველის გაფორმება სურდა. ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით „იუნაიტედის“ ხელმძღვანელებმა სოლსკიაერს კატეგორიულად განუცხადეს, რომ ფეხბურთელების მხოლოდ იჯარის წესით გადმობირება შეეძლება, ასე რომ...
რეალი
მთავარი კითხვა, რომელიც „მადრიდის რეალის“ სატრანსფერო გეგმების განხილვისას ჩნდება, ედენ აზარს უკავშირდება. აშკარაა, რომ „ლოს ბლანკოსს“ მაღალი დონის შემტევი და ცენტრფორვარდი სჭირდება. კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ კარიმ ბენზემა დაკისრებულ მოვალეობებს თავს მთლად კარგად ვერ ართმევს.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შესაძლოა „ინტერის“ წარმომადგენლებმა მოდრიჩის გადმობირება კიდევ ერთხელ სცადონ და მადრიდელებისთვის ოქროს ბურთის მფლობელის შენარჩუნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.
ატლეტიკო
დიეგო სიმეონემ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სერიოზული თანხები გაიღო. მადრიდელებმა ლემარი, როდრი, კალინიჩი და მარტინში გადმოიბირეს, თუმცა უახლოეს პერიოდში ლუკას ერნანდესის და დიეგო გოდინის შენარჩუნებისთვის მაქსიმუმის გაკეთება მოუწევთ. დიეგო კოშტას საკითხიც საკმაოდ აქტუალურია.
ბარსელონა
კატალონიელებმა ცენტრალურ დაცვაში არსებული პრობლემების გადაჭრა მურილიოს გადმობირებით სცადეს. დრო გვიჩვენებს "ბლაუგრანას" მესვეურების გადაწყვეტილების მართებულობას. აღსანიშნავია, რომ "ბარსელონა" შესაძლოა ზაფხულს არ დაელოდოს და რაბიოს ტრანსფერის გაჩარხვა ზამთარშივე გადაწყვიტოს.
პსჟ
„პსჟ“-ის სამომავლო გეგმები ბურუსითაა მოცული. პარიზულ კლუბს შესაძლოა ფინანსური ფეარ პლეის დარღვევების გამო ჯარიმა დააკისრონ და შემდეგ რა მოხდება არავინ იცის. ტომაშ ტუხელის გუნდის მთავარი მიზანი რაბიოს შემცვლელის პოვნაა, რომელიც დიდი ალბათობით კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს.
ბაიერნი
„რეკორდმაისტერი“ „დორტმუნდს“ 6 ქულით ჩამორჩება და გუნდის გაძლიერებას მაქსიმალურად შეეცდება. „ბაიერნის“ მთავარი საფიქრალი არიენ რობენის და ფრანკ რიბერის შემცვლელის პოვნაა. მიუნხენელების პერსპექტიული ახალგაზრდა, კინგსლი კომანი, ტრავმებითაა გატანჯული და ხსენებული დუეტის ღირსეულად ჩანაცვლებას ვერ ახერხებს.
იუვენტუსი
„ლივერპულის“ მსგავსად „იუვენტუსსაც“ შესანიშნავი კოლექტივი ჰყავს. ტურინელებს ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელება არ სჭირდებათ. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ სათადარიგო სკამისთვის ცენტრალური ნახევარმცველის დამატება იქნება.
ინტერი
„ინტერის“ მთავარი მიზანი მაურო იკარდის შენარჩუნებაა. არგენტინელი ცენტრფორვარდის საკუთარ რიგებში ხილვით „მადრიდის რეალია“ დაინტერესებული.
წლევანდელ სეზონში „ნერაძურის“ ფლეიმეიქერი აკლია და თუ წარმატების მიღწევა სურს კრეატიული ნახევარმცველის გადმობირება ნომერ პირველ პრიორიტეტად უნდა აქციოს.
მილანი
ჯენარო გატუზოს „მილანს“ გოლების გატანა ძალიან უჭირს. „როსონერისთვის“ უმნიშვნელოვანესი ცენტრალური თავდამსხმელის და სახიფათო მომენტების შემქმნელი ფეხბურთელის პოვნაა. ბოლო დროს იგუაინი-მორატას გაცვლის შესახებ ჭორები აქტიურად ვრცელდება, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ ალვაროს გადმობირება საკმარისი ნამდვილად არ იქნება.