"ჰიუსტონ როქეთსის" რეკორდი
დასავლეთ კონფერენციის შარშანდელი ფინალისტი, „ჰიუსტონ როქეთსი“ სასურველ ფორმას ნელ-ნელა იბრუნებს. ტეხასელები ამჯერად საშინლად მოასპარეზე „ვაშინგტონ უიზარდსს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე ყოველგვარი პრობლემების გარეშე დაამარცხეს.
მაიკ დენტონის გუნდისთვის „ჯადოქრების“ წინააღმდეგ გამართული მატჩი ისტორიული გამოდგა. „ჰიუსტონმა“ სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირა და 26 სამქულიანი ჩააგდო. აქამდე საუკეთესო შედეგი „კლივლენდ კავალიერსს“ ეკუთვნოდა. 2017 წლის 3 მარტს „კავსმა“ „ატლანტასთან“ დაპირისპირებაში პერიმეტრიდან ნასროლი 25 ბურთი მოათავსა კალათში.
„როქეთსის“ მხრიდან ყველაზე მეტი, 6, სამქულიანი, ჯეიმს ჰარდენმა ჩააგდო. კრის პოლმა 5 შორეული ტყორცნა მოათავსა, ჯერალდ გრინი კი 4 სამიანს დასჯერდა. სარეკორდო სროლის ავტორი მაიკლ კარტერ-უილიამსი გახდა. ამ უკანასკნელმა შეხვედრის დასრულებამდე 31 წამით ადრე გაისროლა და „ტოიოტა ცენტრში“ შეკრებილი გულშემატკივარი გაახარა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ტეხასელებმა „ვაშინგტონის“ სუსტი წერტილები იდეალურად გამოიყენეს და მეტოქეს 136 ქულა ჩაუგდეს. „ჰიუსტონს“ 35 ქულით ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა. კრის პოლმა გუნდს 21 ქულა შესძინა, ხოლო კლინტ კაპელა ორმაგი დუბლით გამოირჩა - 20 ქულა, 12 მოხსნა.