მორიგი მარცხი! "დეტროიტი" ცუდ ფორმაშია
ზაზა ფაჩულიას „დეტროიტს“ სერიოზული პრობლემები აქვს. „პისტონმა“ უკანასკნელი 8 თამაშიდან გამარჯვება მხოლოდ ერთში მოიპოვა და გამთენიისას მორიგი მატჩი წააგო. დეტროიტელები ამჯერად აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერთან, „მილუოკისთან“ 104-107 დამარცხდნენ.
ზაზა ფაჩულია პარკეტზე არ გამოსულა. ქართველი ცენტრის არყოფნაში „დეტროიტს“ ბლეიკ გრიფინმა ულიდერა. ამ უკანასკნელმა აქტივში სამმაგი დუბლით ჩაიწერა, 19 ქულა, 10 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა. აღსანიშნავია, რომ ბლეიკის ანგარიშზე 10 დაკარგვაც იყო. „პისტონსის“ მხრიდან ყველაზე მეტი ქულა კი რეჯი ბალოკმა (24) ჩააგდო.
„ბაქსის“ რიგებში ტრადიციულად იანის ანტეტეკოუნმპო გამოირჩა, რომელმაც მატჩი 32 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა. კრის მიდლტონმა გუნდს 22 ქულა შესძინა, ხოლო ერიკ ბლედსოუმ თავი 17 ქულას მოუყარა.
„დეტროიტს“ ამ მარცხის შედეგად 14 მოგება და ამდენივე წაგება დაუგროვდა. „პისტონსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის მეექვსე ადგილს იკავებს და პლეიოფის საგზურისთვის იბრძვის.