ვარსკვლავი დარჩა - შვედური მედია ხარაიშვილის ტრანსფერს ეხმაურება
Aa
Aa

ვარსკვლავი დარჩა - შვედური მედია ხარაიშვილის ტრანსფერს ეხმაურება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი შვედურ ''გიოტებორგში'' 2022 წლის 31 ივლისამდე ითამაშებს. ''საბურთალოსა'' და შვედურ კლუბს შორის შეთანხმება შედგა.

შვედური გამოცემა expressen.se სტატიას ხარაიშვილის ტრანსფერის შესახებ ასე ასათაურებს: ''ვარსკვლავი დარჩა - ახალი შეთანხმება მიღწეულია.''

აღნიშნულ სტატიაში ფეხბურთელის სატრანსფერო თანხის შესახებაც ვკითხულობთ. expressen.se წერს gp.se-ზე დაყრდნობით, რომლის მიხედვით თბილისური კლუბი ხარაიშვილის ტრანსფერში 1,5 მილიონ შვედურ კრონას მიიღებს, რაც დაახლოებით 167 000 ევროს შეადგენს. კონტრაქტში კიდევ ერთი პუნქტი დევს, რაც შემდეგს გულისხმობს: თუ ხარაიშვილი მაღალ დონეზე თამაშს გააგრძელებს, თბილისური კლუბი დამატებით კიდევ 1,5 მილიონ შვედურ კრონას მიიღებს და საერთო ჯამში სატრანსფერო თანხა 3 მილიონ შვედურ კრონას მიაღწევს, რაც დაახლოებით 334 000 ევროა.

შვედური მედიის ინფორმაციით წარმატებული სეზონის შემდეგ 22 წლის ფეხბურთელის შეძენა არაერთ ევროპულ კლუბს სურდა. მისი თამაშით რამდენიმე კლუბი ინტერესდებოდა, მათ შორის ამსტერდამის ''აიაქსიც'' ფიგურირებდა, თუმცა ''საბურთალოსა'' და ''გიოტებორგს'' შორის 2018 წლის დასაწყისში დადებული შეთანხმებით საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ უპირატესობა ''გიოტებორგს'' მიენიჭებოდა. შვედეთის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა შანსი გამოიყენა და კავკასიის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელი გაიფორმა. შეგახსენებთ, 2018 წლის დასაწყისში ''საბურთალომ'' ფეხბურთელი შვედურ კლუბში გასული თვის ბოლომდე გაანათხოვრა.

''საბურთალოს'' აღზრდილმა შვედეთის ჩემპიონატის 2018 წლის სეზონში 27 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი შეაგდო და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, მან შვედეთის თასის ორ შეხვედრაში ითამაშა.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ''გიოტებორგი'' ახალი სეზონისთვის მზადებას 2019 წლის 3 იანვარს დაიწყებს. ხარაიშვილი ამჟამად შვებულებაშია და საქართველოში ისვენებს.

ვებგვერდ nyablavitt-ის ჟურნალისტი დევიდ ვუკოვიჩი აღნიშნავს, რომ ქართველს კაშკაშა მომავალი აქვს და ის ძალიან სტაბილური ფეხბურთელია. მწერალი ხაზს ქართველის დიდ პოტენციალს უსვამს.

ხარაიშვილს, რომელსაც საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია, ეროვნულ ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული. 2018 წელს შემტევი სტილის ნახევარმცველმა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გორის ''თენგიზ ბურჯანაძეზე'' ჯგუფის ლიდერ დანიას გაუტანა.

ხარაიშვილმა ''საბურთალოს'' პირველი გუნდის მაისურით 2013-17 წლებში 114 მატჩი ჩაატარა და 56 გოლი გაიტანა. გარდა ამისა 2 შეხვედრა ''საბურთალოს'' 19 წლამდე გუნდის მაისურით უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე დანიურ ''მიდტიულანდთან'' ჩაატარა.

გასულ სეზონში ხარაიშვილმა ''ესტერსუნდს'' კუთხურიდან გაუტანა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები