Aa
Aa

თვალცრემლიანი გურამ კაშია ''ვიტესის'' ქომაგებს დაემშვიდობა

ჰოლანდიურ საფეხბურთო კლუბს, არნემის ''ვიტესს'' ლეგენდარული ქართველი კაპიტანი გურამ კაშია ოფიციალურად დაემშვიდობა.

''ემენთან'' შეხვედრის დაწყებამდე კაშიას მოედანზე გამოჩენა ამაღელვებელი გამოვიდა. ქართველი ფეხბურთელი თვალცრემლიანი დაემშვიდობა კლუბს, რომლის მაისურით კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა და  ჰოლანდიის თასი აღმართა.

გურამ კაშია „ვიტესის“ რიგებში 2010 წელს თბილისის „დინამოდან“ გადავიდა. არნემულმა კლუბმა 2016-17 წლების სეზონში 125-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველი ტიტული მოიგო და ჰოლანდიის თასი მისმა ქართველმა კაპიტანმა აღმართა.

გასულ სეზონში გურამ კაშიამ თეო იანსენის 242-მატჩიანი რეკორდი დაამხო. კაშია ''ვიტესის'' ისტორიაში ჰოლანდიის ერედივიზიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია. რეკორდი ქართველმა კაპიტანმა მიმდინარე წლის 18 აპრილს ''ალკმაართან'' შეხვედრაში დაამყარა, როცა არნემული გუნდისთვის ჰოლანდიის ჩემპიონატში 243-ე შეხვედრა ჩაატარა.

გასულ ზაფხულში კაშია ჰოლანდიური კლუბიდან ''სან ხოსეში'' გადავიდა.

ასევე გეტყვით, რომ ''ვიტესის'' ლეგენდარული კაპიტნის გურამ კაშიას სახელი არნემში მდებარე  ირმების პარკს ეწოდა. ინფორმაცია ჰოლანდიურმა მედიამ გაავრცელა.

''ვიტესის'' ქომაგთა ასოციაციის დირექტორმა პაულ კოსტერმა განაცხადა: ''განსაკუთრებულმა პერსონამ განსაკუთრებული საჩუქარი დაიმსახურა.''

ვიდეოკადრში გურამ კაშია მცირე კომენტარს აკეთებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა აღნიშნა, რომ ფაქტი მისთვის განსაკუთრებულია და დიდ მნიშვნელობას ატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები