მსაჯის სამართლიანი გადაწყვეტილება: ჩაკვეტაძის დარტყმისას ბურთს ხაზი არ გადაუკვეთავს
ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატის გასულ ტურში ''გენტისა'' და ''ანტვერპენის'' შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ''გენტის'' ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა.
პირველი ტაიმში 19 წლის ქართველი ტალანტი გოლის გატანასთან ახლოს იყო, მისი დარტყმის შემდეგ მეკარემ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. განმეორებით ჩვენებაზე კარგად გამოჩნდა, რომ მთავარი არბიტრი არ შეცდა.
აღნიშნულ მატჩში არბიტრმა ''ანტვერპენის'' 2 გოლი არ ჩათვალა, რაც ასევე სწორი გადაწყვეტილება იყო. მატჩის მიწურულს ვიდეორეფერის დახმარებით მთავარმა მსაჯმა ''გენტის'' სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ჩაკვეტაძის თანაგუნდელმა ვერ გამოიყენა.
მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატის 16 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა ბელგიის თასის გათამაშების ერთ მატჩში ქართველი ტალანტის ანგარიშზე 2 საგოლე პასია.
16-გუნდიან ლიგაში ''გენტი'' 24 ქულით მე-7 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 30 ნოემბერს ''გენტი'' ''ლოკერენს'' ესტუმრება.

''გენტის'' ტრავმირებული ფორვარდი გიორგი ქვილითაია სარეაბილიტაციო კურსს გადის. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებისთვის ემზადება. მან instagram-ზე ვარჯიშის ვიდეო ატვირთა.
ფოტო/ვიდეო: kaagent.be