ჯანლუკა ვიალის სიმსივნე აქვს - "ჯერ არ ვიცი, ეს ბრძოლა როგორ დასრულდება"
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ჯანლუკა ვიალი თითქმის ერთი წელია სიმსივნეს ებრძვის, რის შესახებაც ინფორმაცია დღეს პირველად გავრცელდა. ვიალიმ Corriere della Sera-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა იგი თავს კარგად გრძნობს.
ვიალი შეეხო საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნსაც, რომელშიც საკმაოდ დიდი ნაწილის სწორედ მის სიმსივნესთან ბრძოლაზეა საუბარი.
"ახლა ნამდვილად კარგად ვარ. უკვე წელიწადია იმ კონდიციაში დაბრუნებას ვცდილობ, რაც ჩვეულებრივობას გულისხმობს, თუმცა ჯერ მაინც არ ვიცი, ეს ბრძოლა როგორ დასრულდება.
იმედი მაქვს, ჩემი ამბავის წაკითხვა ადამიანებისთვის ინსპირაცია იქნება და ისინი ამ დაავადებას მეტგრად შეებრძოლებიან. მას შეუძლიათ წაიკითხონ, როგორ შეიძლება კარგ განწყობაზე დაიძინო, გაღვიძებისას კი გაიგო, რომ სიმსივნე გაქვს.
ცხოვრების 10% იმისგან შედგება, რაც ჩვენს გარშემო ხდება, 90% კი იმისგან, რამდენად ძლიერად ვხვდებით სირთულეებს და როგორ ვუმკლავდებით მათ.
კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამ, რომ ჩემი ამბავი სხვა ადამიანებს სწორ გზაზე დადგომაში დაეხმარება". - ამბობს ვიალი.

ჯანლუკა ვიალი იმ შესანიშნავი "სამპდორიას" ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელმაც იტალიის სერია A, იტალიის სუპერ თასი და 4-ჯერ ქვეყნის თასი მოიგო, 1992 წელს კი ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა.
მან კარიერის 4 წლიანი პერიოდი ტურინის "იუვენტუსში" გაატარა და მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, ბოლოს კი ლონდონის "ჩელსიში" ასპარეზობდა. რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, ვიალის მისი ფორმა 1985-1992 წლებში ეცვა და 59 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა.