კალათბურთის ფედერაციამ ბავშვთა კალათბურთის განვითარებისთვის ახალი პროექტი შეიმუშავა
Aa
Aa

კალათბურთის ფედერაციამ ბავშვთა კალათბურთის განვითარებისთვის ახალი პროექტი შეიმუშავა

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ახალი, მოზარდ კალათბურთელებზე გათვლილი პროექტი შეიმუშავა, რომლის თანახმად, იმ გუნდებს, რომლებიც წარმატებით იასპარეზებენ 12-13 წლამდელთა შიდაჩემპიონატში (Junior NBA), საერთაშორისო ტურნირში სამონაწილეოდ საქართველოს კალათბურთის ფედერაციისგან თანადაფინანსებას მიიღებენ.

ფედერაციამ პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო და მისი მიზანია, ხელი შეეწყოთ მოზარდი კალათბურთელებისგან დაკომპლექტებულ წარმატებულ გუნდებს, რათა მათმა წევრებმა საერთაშორისო ასპარეზზე გამოცდილება მიიღონ და სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან თამაშით მეტი კონკურენციის პირობებში განაგრძონ განვითარება.

გასული სეზონის Junior NBA-GBF ლიგის ჩემპიონი ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი გახდა, რომელმაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციისგან ბალტიის ლიგაში ასპარეზობისთვის 50-პროცენტიანი თანადაფინანსება მიიღო. მეორე ადგილზე გასულმა “ბათუმმა” საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაზე უარი განაცხადა, ხოლო ბრინჯაოსმედალოსანმა “იბერი ბასკეტ თბილისმა” ასევე მიიღო ფედერაციის 50-პროცენტიანი თანადაფინანსება და ბალტიის ლიგაში საასპარეზოდ ლატვიაში გაემგზავრა, სადაც 18-21 ოქტომბერს საწყისი ტურის მატჩები ჩატარდა.

“ზაზას აკადემიამაც” და “იბერი ბასკეტ თბილისმაც” იდენტური შედეგი აჩვენეს. ორივემ 5 მატჩიდან 4 შეხვედრა მოიგო და რეგულარული ჩემპიონატის ცხრილში დაწინაურდა. მთლიანობაში, ბალტიის ლიგის 13-წლამდელთა ჩემპიონატში 32 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი. “ზაზა” “ა” ჯგუფშია, ხოლო “იბერი ბასკეტ თბილისი” – “ბ”-ში. შესაბამისად, ორივე მათგანი რეგულარული ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 15 მატჩს გამართავს, რის შემდეგაც საუკეთესოები ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში ბალტიის ლიგის 13-წლამდელთა ტურნირი თბილისის “ჰიუნდაიმ” მოიგო, რომელიც ტურნირში საკუთარი სახსრებით მონაწილეობდა. “ჰიუნდაი” წლევანდელ გათამაშებაში ისევ საკუთარი ფინანსებით მონაწილეობს. ბალტიის ლიგაში გასულ წელს აგრეთვე მონაწილეობა მიიღო საკალათბურთო კლუბმა “აკადემიამ”.

“ზაზა”, “იბერი ბასკეტ თბილისი” და “ჰიუნდაი” აგრძელებენ ბალტიის ლიგაში ასპარეზობას და მორიგი ტურების სათამაშოდ ბალტიისპირეთში 25-27 იანვარს და 15-17 მარტს გაემგზავრებიან. 5 მატჩიდან 4 გამარჯვებით “ზაზა” “ა” ჯგუფში მე-3 ადგილზეა, ხოლო 5-დან 3 მოგებით “ჰიუნდაი” მე-5 პოზიციაზე იმყოფება. “იბერი ბასკეტ თბილისი” “ბ” ჯგუფშია და 5 ტურის შემდეგ 4 გამარჯვებით მე-3 ადგილზეა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია აპირებს, დახვეწოს გუნდებისთვის თანადაფინანსების კრიტერიუმები, თუმცა, სანამ ეს მოხდება, დაფინანსების განმსაზღვრელი იქნება “ჯუნიორ NBA-GBF” ლიგა, რომელშიც მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველწლიურად 12 და 13 წლის მოზარდებისგან დაკომპლექტებული 50-ამდე გუნდი მონაწილეობს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები