საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანთან დამარცხდა - სტუმართა ''ქამბექი'' ''მესხზე''
Aa
Aa

საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანთან დამარცხდა - სტუმართა ''ქამბექი'' ''მესხზე''

ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში საქართველო ''მიხეილ მესხზე'' აზერბაიჯანის ნაკრებთან 1:2 დამარცხდა.

ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა. პირველი ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე ლევან ხარაბაძემ მარცხენა ფეხით შესანიშნავი გოლი გაიტანა.

 

შესვენების შემდეგ საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა 2 გოლი გაუშვა. 66-ე წუთზე გოლის ავტორი ხარაბაძე საკუთარ საჯარიმოში შეცდა, რითიც აზერბაიჯანელმა თურალ ბაირამოვმა ისარგებლა და ანგარიში ახლო მანძილიდან გაათანაბრა.

70-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მეკარე დემეტრე ბულისკერია მარტივ ვითარებაში შეცდა, ბურთი ხელიდან გაუვარდა და ზაიდ მარდანოვმა გამარჯვების გოლი თავით შეაგდო.

მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ აზერბაიჯანთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ბულისკერია, ხარაბაძე, ჯინჯოლავა, გელაშვილი, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი, დარცმელია, გულიაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, ბაბუნაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ივანიაძე, გაბუნია, ფაცაცია, ინჯგია.

შეგახსენებთ, პირველ ტურში აზერბაიჯანი ისრაელთან 1:4 დამარცხდა, ხოლო საქართველომ ლიხტენშტაინი 7:0 გაანადგურა.

მეორე ტურში საქართველო აზერბაიჯანთან დამარცხდა, ხოლო ისრაელმა ლიხტენშტაინს 2:1 სძლია.

2 ტურის შემდეგ ისრაელი 6 ქულით პირველ ადგილზეა. საქართველოსა და აზერბაიჯანის ანგარიშზე 3-3 ქულაა, ხოლო ლიხტენშტაინი 0 ქულით აუტსაიდერია. 

დასკვნით ტურში საქართველო ლიდერ ისრაელს შეხვდება, აზერბაიჯანი კი - ლიხტენშტაინს.

შეხვედრები 20 ნოემბერს 17:00 საათზე დაიწყება. ელიტ-რაუნდში თამაშის უფლებას მხოლოდ 2 გუნდი მოიპოვებს.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები