ვაისი:
Aa
Aa

ვაისი: "ასეთ თამაშებში დროულად მეორე გოლის გატანა აუცილებელია"

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა ანდორას წინააღმდეგ სტუმრად გამართა და თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. ჩვენმა გუნდმა ანგარიში სწრაფი გოლით მეცხრე წუთზე გახსნა. ოთარ კაკაბაძის გადაცემით გიორგი ჩაკვეტაძემ ისარგებლა და ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა. საქართველოს ნაკრებს რამდენიმე მომენტი კიდევ ჰქონდა, მაგრამ მასპინძელთა კარში მეტი გოლი აღარ გასულა.

ანდორელებმა წონასწორობის აღდგენა და საბოლოო შედეგის დაფიქსირება შეხვედრის მეორე ნახევარში შეძლეს. 63-ე წუთზე შორეული საჯარიმო დარტყმით გოლი მარტინესმა გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განვლილი შეხვედრა შეაფასა:

„რა თქმა უნდა, ეს ის შედეგი არაა, რომელიც ჩვენ გვსურდა, ერთი ქულით კმაყოფილი ვერ ვიქნებით. ანდორას ნაკრებმა ქულა ბრძოლითა და სწორი ტაქტიკური თამაშით მოიპოვა. ჩვენ ეს ყველაფერი კარგად ვიცოდით. ასეთ თამაშებში დროულად მეორე გოლის გატანა აუცილებელია, არაბულს ჰქონდა ამის შანსი და უნდა გამოგვეყენებინა. რა თქმა უნდა, 2:0-ის შემთხვევაში განსხვავებული ფეხბურთის თამაშს შევძლებდით.

მოედნის კუთხიდან დაახლოებით 40-45 მეტრიდან ასეთი გოლის გაშვება, არ შეიძლება. იყო შეცდომები და ეს ძალიან ძვირი დაგვიჯდა. ჯგუფიდან გასულები ვართ, მაგრამ მეტი ქულის მოპოვება გვჭირდება იმისთვის, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე მეოთხე კალათაში მოვხვდეთ.

რაც შეეხება ყაზახეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩს, ჩვენ აუცილებლად გამარჯვებისთვის უნდა ვითამაშოთ, რათა მეტი ქულა დავაგროვოთ და დასახული ამოცანა შევასრულოთ.“

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპისა და წლის ბოლო ოფიციალურ მატჩს ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 19 ნოემბერს 21:00 საათზე თბილისში, „დინამო არენაზე“ გამართავს. გულშემატკივარს მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ეროვნული სტადიონის სალაროებსა და მითითებულ ბმულზე შეუძლიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები