მესი ეროვნულ ნაკრებს შემდეგ წელს დაუბრუნდება
არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ლიონელ მესი შემდეგ წელს დაუბრუნდება. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთთან მარცხის შემდეგ მესის ეროვნულ გუნდში არ უთამაშია. მუნდიალის შემდეგ არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ლიონელ სკალონი დაინიშნა, რომელმაც სანაკრებო სია სამჯერ გამოაქვეყნა, თუმცა მესი შემადგენლობაში ერთხელაც ვერ ვიხილეთ.
არგენტინის ეროვნული ნაკრების გენერალური მენეჯერი ხორხე ბურუჩაგა goal.com-ს ესაუბრა: ''მესის დაბრუნების თარიღი უცნობია. ის წლის ბოლომდე არ დაბრუნდება, თუმცა შეუძლებელია, რომ მესი ვეღარ ვიხილოთ ეროვნულ გუნდში. მისი ნაკრების მიღმა ყოფნა დროებითია.
დარწმუნებული ვარ მესი შემდეგ წელს ეროვნულ გუნდში დაბრუნდება.''
მესის დებიუტი ეროვნულ გუნდში 2005 წელს 18 წლის ასაკში შედგა. მას შემდეგ სუპერვარსკვლავმა ეროვნულ ნაკრებში 128 მატჩი ჩაატარა.
2016 წლის ივნისში მესი 65 გოლით არგენტინის ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკის ფინალში სამჯერ დამარცხდა, ხოლო 2014 წლის ბრაზილიის მუნდიალზე ფინალური შეხვედრა გერმანიასთან დათმო.
მესიმ ''ალბისელესტეს'' მაისურში ოლიმპიადის ოქროს მედალი მოიპოვა.
ლიონელ სკალონი - არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი
