არაბულმა უგოლო სერია შეწყვიტა - ქართველი ფორვარდის გოლი და გამარჯვება
Aa
Aa

არაბულმა უგოლო სერია შეწყვიტა - ქართველი ფორვარდის გოლი და გამარჯვება

უნგრეთის ჩემპიონატში ''პუშკაშ აკადემიას'' ქართველმა ფორვარდმა ბაჩანა არაბულმა 6-მატჩიანი პაუზის შემდეგ გოლი გაიტანა. 24 წლის თავდამსხმელმა ''დიოშდიორთან'' შეხვედრაში 79-ე წუთზე ანგარიში გახსნა. 81-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა, თუმცა 87-ე წუთზე არაბულის თანაგუნდელმა იანუს ჰეგედუშმა შორი მანძილიდან გამარჯვების გოლი შეაგდო. ასე რომ მასპინძლებმა ''პანჩო არენაზე'' 2:1 გაიმარჯვეს.

არაბულის გოლი ''დიოშდიორთან''

 

არაბულმა ''პუშკაშ აკადემიას'' მაისურით მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო. 8 შეხვედრაში სასტარტოში მოხვდა, 3 მატჩში კი თამაშის მიმდინარეობისას გამოჩნდა მინდორზე.

14-გუნდიან ლიგაში ''პუშკაშ აკადემია'' 14 ქულით მე-9 ადგილზეა.

ქართველი ცაცია უნგრეთში მეორე სეზონს ატარებს. საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ გასული სეზონი ''ბალმაზუივაროშში'' გაატარა და აუტსაიდერი გუნდის მაისურით 29 შეხვედრაში 9 გოლი შეაგდო.

უნგრეთის ჩემპიონატში ''უიპეშტმა'' შინ 2:0 დაამარცხა ''ჰალადაში,'' რომლის სასტარტო შემადგენლობაში ბუბა დაუშვილმა ითამაშა. ქართველი საყრდენი შესვენებისას შეცვალეს.

''უიპეშტის'' სასტარტო თერთმეტეულში გიორგი ბერიძე მოხვდა და 71-ე წუთზე, პირველი გოლისას, საგოლე პასი შეასრულა. 21 წლის შემტევმა მოედანი 90-ე წუთზე დატოვა. 

ბერიძის გუნდი 19 ქულით მე-7 ადგილზეა, დაუშვილის ''ჰალადაში'' კი 5 ქულით ბოლო ადგილს იკავებს. ''ჰალადაში'' ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა.

 ფოტო: pfla.hu

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები