რატომ არ გააძევეს ლუკა ზარანდია? - ქართველის არასპორტული ქმედება
Aa
Aa

რატომ არ გააძევეს ლუკა ზარანდია? - ქართველის არასპორტული ქმედება

პოლონეთის ჩემპიონატში ''არკას'' ქართველმა გარემარბმა ლუკა ზარანდიამ ''პოგონის'' კარში გოლი გაიტანა. გარდა იმისა, რომ ზარანდიამ გოლის გარდა რამდენიმე დრიბლინგი განახორციელა, მაყურებელს თავი კიდევ ერთი ფაქტით დაამახსოვრა. პირველი ტაიმის მიწურულს ფეხბურთელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. კამათში ზარანდიაც მონაწილეობდა, რომელმაც ხელები მეტოქის ფეხბურთელს ყელის არეში მოუჭირა, ქართველი ფეხბურთელის მხრიდან ერთგვარი დახრჩობის ინსცენირება ყვითელი ბარათით დასრულდა, თუმცა პოლონური მედია მიიჩნევს, რომ ''არკას'' ლიდერი გაძევებას იმსახურებდა.

''ზარანდიას ქმედება წინასწარ განზრახული იყო. ის სამარცხვინოდ მოიქცა. ამგვარი ქმედება წითელი ბარათით უნდა ისჯებოდეს'' - ვკითხულობთ პოლონურ ვებგვერდ laczynaspasja-ზე.

ლუკა ზარანდია პოლონურ მედიას ესაუბრა, თუმცა აღნიშნულ მომენტზე კომენტარი არ გაუკეთებია: ''ჩვენ ინდივიდუალური შეცდომები დავუშვით, უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. გარკვეულ ეპიზოდებში ჩვენი სათამაშო რიტმით თამაშს ვახერხებდით, თუმცა ეს მხოლოდ ყოველ 10 წუთში ერთხელ ხდებოდა. ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც გამარჯვებისთვის იყო საჭირო.''

აღნიშნული წყარო ასევე აღიარებს, რომ კონფლიქტის დროს მთავარ მსაჯს ერთზე მეტი წითელი ბარათის ჩვენება შეეძლო, თუმცა არბიტრი ზედმეტად ლოიალური აღმოჩნდა.

''პოგონთან'' მატჩში ლუკა ზარანდიამ 90 წუთი ითამაშა და 9,71 კმ. ირბინა. მან მაქსიმალური სისწრაფე 29,53 კმ/სთ-ში განავითარა. მან 15 სპრინტი შეასრულა. 

რაც შეეხება ''პოგონის'' ცენტრალურ მცველ ლაშა დვალს, მან 10,09 კმ. ირბინა. მაქსიმალური სისწრაფე 28, 45 კმ/სთ-ში განავითარა. მის ანგარიშზე 6 სპრინტია.

შეგახსენებთ, პოლონეთის ექსტრაკლასას მე-14 ტურში გდინიას ''არკა'' შინ ''პოგონთან'' 2:3 დამარცხდა. მასპინძელთა მაისურით ლუკა ზარანდიამ 90 წუთი ითამაშა და 35-ე წუთზე მისი გოლით ''არკას'' სასარგებლოდ ანგარიში 2:1 გახდა, თუმცა საბოლოოდ მატჩი ''პოგონის'' გამარჯვებით 2:3 დასრულდა.

 

ლუკა ზარანდია და ლაშა დვალი მატჩის დაწყებამდე

ფოტო: arka.gdynia.pl

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები