''გიოტებორგის'' ქართველი ბომბარდირი - ხარაიშვილის მორიგი გოლი შვედეთში
Aa
Aa

''გიოტებორგის'' ქართველი ბომბარდირი - ხარაიშვილის მორიგი გოლი შვედეთში

შვედეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ''საბურთალოდან'' ''გიოტებორგში'' განათხოვრებულმა გიორგი ხარაიშვილმა მორიგი გოლი გაიტანა. 22 წლის ფეხბურთელმა შვედეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 24-ე მატჩში მე-8 გოლი შეაგდო. აღსანიშნავია, რომ შემტევი სტილის ნახევარმცველმა 24-დან 19 მატჩი სასტარტო თერთმეტეულში დაიწყო.

27-ე ტურში ''გიოტებორგი'' შინ, ''გამლა ულევიზე'' ''სუნდსვალთან'' 1:2 დამარცხდა. ხარაიშვილმა 88-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ასევე უნდა ითქვას, რომ ხარაიშვილს 73-ე წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა მისი ძლიერი დარტყმა სტუმართა მეკარემ შესანიშნავ ნახტომში მოიგერია.

ხარაიშვილის მერვე გოლი მიმდინარე სეზონში

 

სტადიონზე საკმაოდ დაბალი ტემპერატურა იყო. მატჩის დაწყებამდე გიორგი ხარაიშვილმა მის წინ მდგომ გოგონას საკუთარი მოსაცმელი ათხოვა. გიორგის ჯენტლმენური ქმედების შესახებ სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა.

ხარაიშვილი გოლების რაოდენობით თანაგუნდელთაგან მხოლოდ რობინ ზიოდერს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 9 გოლია. გარდა ამისა ქართველმა ლეგიონერმა 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შვედეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ''ჰაკენის'' ბრაზილიელი თავდამსხმელი პაულინიოა, რომელმაც ამდრომდე 19 გოლი გაიტანა. გათამაშების ბომბარდირთა დავაში ხარაიშვილი მხოლოდ 10 ფეხბურთელს ჩამორჩება.

ხარაიშვილმა უკანასკნელ სამ შეხვედრაში 2 გოლი შეაგდო. ''ტრელებორგს'' საჯარიმო დარტყმიდან გაუტანა, ''სუნდსვალს'' კი - პენალტის ნიშნულიდან.

შვედეთის 16-გუნდიან ჩემპიონატში ''გიოტებორგი'' 28 ქულით მე-12 ადგილზეა. გათამაშების დასრულებამდე 3 ტურით ადრე ხარაიშვილის გუნდი გასავარდნ ზონას 8 ქულით უსწრებს.

პორტუგალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-8 ტურში ''ნასიონალი'' შინ ''პორტიმონენსესთან'' 0:1 დამარცხდა. ''ნასიონალის'' სასტარტო შემადგენლობაში გიორგი არაბიძე მოხვდა, რომელიც 61-ე წუთზე შეცვალეს. ''ნასიონალის'' მთავარმა მწვრთნელმა კოშტინიამ არაბიძე პორტუგალიის ჩემპიონატში სასტარტოში მეორედ ათამაშა. პირველად ეს მოხდა ლისაბონის ''ბენფიკასთან'' შეხვედრაში.

18-გუნდიან ჩემპიონატში ''ნასიონალი'' 5 ქულით მე-17 ადგილზეა. მიმდინარე სეზონში არაბიძის გუნდმა ერთადერთი მატჩი ''სეტუბალთან'' სტუმრად მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები