17 წლის ქართველი ფეხბურთელი ტურინულ კლუბში
იტალიურ საფეხბურთო კლუბ ''ტორინოში'' 17 წლის ქართველი ფეხბურთელი გუკა ხვედელიძე ჩაირიცხა, რომელსაც კონტრაქტი ''მილანთან'' აკავშირებს და ტურინულ კლუბშია განათხოვრებული. იტალიაში წასვლამდე ხვედელიძე ''საბურთალოს'' შესაბამის ასაკობრივ გუნდში ირიცხებოდა.
''ტორინოს'' 17 წლამდე გუნდის შემტევი ''საბურთალოს'' ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა.
“ტორინოს” მთავარი გუნდის ბაზაზე რამდენიმე ლეგიონერთან ერთად ვცხოვრობ, რომლებიც 17 წლამდელთა გუნდში თამაშობენ. ბაზაზე ყველანაირი პირობაა, როგორც დასასვენებელი, ასევე გასართობი. ყველაფერი გაწერილი მაქვს, ჩემთვის ძალიან სწრაფად გადის დრო.
იტალიის სერია ა-ს ფეხბურთელებს ფაქტობრივად ყოველდღიურად ვნახულობ. ვინც ბაზაზე ვცხოვრობთ, ხშირად ვესწრებით ვარჯიშებს, უფროსები გამოცდილებას გვიზიარებენ. მიხარია, რომ კარგ გარემოში მოვხვდი. ყველაფერს ვაკეთებ და მომავალშიც გავაკეთებ, რომ წარმატებული ფეხბურთელი გავხდე.
იტალიაში “მილანში” ჩამოვედი, მაგრამ მათ საბუთების მოგვარება ვერ შეძლეს. შემდეგ “ტორინომ” ითავა საბუთების მოწესრიგება და ახლა “მილანიდან” “ტორინოში” 1-წლიანი იჯარით ვარ.
როდესაც “დინამოდან” “საბურთალოში გადავედი, ძალიან დიდი პროგრესი განვიცადე. როგორც ფეხბურთელი ვატყობდი, რომ გავიზარდე. “საბურთალოში” ყველაფერი კარგად მახსენდება – “ბენდელას” სტადიონზე, სადაც ვარჯიშობდით და ვთამაშობდით მისვლა მიხაროდა. ვიცოდი, რომ მეგობრებს ვნახავდი, ვისაუბრებდით სხვადასხვა თემებზე, რის შემდეგაც კარგი საწვრთნელი პროცესი დაგვეწყებოდა.
“საბურთალოს” 2002-წლიანების გუნდში ვთამაშობდი, მაგრამ იტალიაში წამოსვლამდე რამდენიმე მატჩის ჩატარება 19 წლამდელთა გუნდში მომიწია. ამ ფაქტორმა, კიდევ უფრო მეტი თავდაჯერება შემმატა. ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემს მწვრთნელებს, ვოვა მუსერიძეს, გიორგი ჭელიძესა და ვალერი გაგუას მადლობას გადავუხდი.''
საქართველოს 17 წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზვიად ჯელაძემ ხვედელიძე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის გამოიძახა. საქართველო ესტონეთის, რუსეთისა და მასპინძელი, დანიის 17-წლამდე ნაკრებ გუნდებთან ერთად მეექვსე ჯგუფში იასპარეზებს. მატჩები 24, 27 და 30 ოქტომბერს გაიმართება.
