უსეინ ბოლტს ევროპაში იწვევენ?
გავრცელებული ინფორმაციით უსეინ ბოლტის საკუთარ რიგებში ხილვა ერთ-ერთ ევროპულ კლუბს სურს.
რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა საფეხბურთო სამყარო გასულ კვირას გააოცა და „ცენთრალ ქოუსთ მარინერსის“ მაისურით „მაკარტურის“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა. ბოლტს კარიერის ავსტრალიაში გაგრძელება სურს, თუმცა შესაძლოა ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს.
უსეინის აგენტმა, ტონი რალისმა, ESPN-თან საუბრისას საკმაოდ საინტერესო სიახლე გააჟღერა და განაცხადა: „ევროპაში არის გუნდი, რომელმაც ბოლტს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. აღნიშნულ კლუბს ახალი მფლობელები ჰყავს, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის ამბიციით მოვიდნენ".
ჯერჯერობით სად გააგრძელებს კარიერას ლეგენდარული იამაიკელი უცნობია. ავსტრალიური გამოცემების ცნობით „ცენტრალ ქოუსთ მარინერსს“ კავშირები „შეფილდ იუნაიტედთან“ და „ფერენცვაროშთან“ აქვს. მათთან ერთად „ევერტონი“ და მალტური „ბალზანიც“ განიხილებიან.
რაც შეეხება უშუალოდ ავსტრალიურ გუნდს. „მარინერსის“ ხელმძღვანელობას საკუთარი აზრი ჯერ კიდევ არ დაუფიქსირებია. ქვეყნის ჩემპიონატი 19 ოქტომბერს იწყება და ადგილობრივი ჟურნალისტების მიხედვით კლუბის მესვეურები საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ამ თარიღამდე მიიღებენ.