ალმეიდა კაშიას და ყაზაიშვილს გაწვრთნის
Aa
Aa

ალმეიდა კაშიას და ყაზაიშვილს გაწვრთნის

MLS-ის კლუბ ''სან ხოსეს'' მთავარ მწვრთნელად წარსულში ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი მატიას ალმეიდა დაინიშნა.44 წლის არგენტინელი სპეციალისტი ვაკო ყაზაიშვილთან და გურამ კაშიასთან მუშაობას 2019 წლიდან დაიწყებს.

მატიას ალმეიდამ ფეხბურთელის კარიერა 2011 წელს ''რივერ პლეიტში'' დაასრულა და ამავე წლიდან ''რივერის'' მთავარ მწვრთნელად მოგვევლინა.  ალმეიდას ხელმძღვანელობით არგენტინული კლუბი ელიტარულ ჩემპიონატში დაბრუნდა. რომის ''ლაციოს'' ყოფილმა ფეხბურთელმა ანალოგიური შედეგი ''ბანფილდთან'' ერთად აჩვენა.

ალმეიდა 2015-18 წლებში მექსიკური ''გვადალახარას'' მთავარი მწვრთნელი იყო. კლუბთან ერთად არაერთი ტიტულის მფლობელი გახდა. გასულ წელს კლაუსურას საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა, მიმდინარე წელს კი ''გვალადახარამ'' კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

''სან ხოსე'' მიმდინარე სეზონს სტივ რალსტონის ხელმძღვანელობით დაასრულებს, რომელიც მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელია. მიმდინარე თვეში ქართველი ფეხბურთელების გუნდი ''კოლორადოსა'' და ''სიეტლს'' შეხვდება.

2018 წელი ''სან ხოსესთვის'' ძალიან წარუმატებელია. კლუბმა MLS-ის 32 მატჩიდან მხოლოდ 4 მოიგო, 8 ფრედ დასრულდა და 20 შეხვედრაში დამარცხდა.

მატიას ალმეიდა რომის ''ლაციოს,'' მილანის ''ინტერის,'' ''პარმას,'' ''სევილიას,'' ''ბრეშას,'' ნორვეგიული ''ლინის,'' ''კილმესის,'' ''ფენიქსისა' და ''რივერ პლეიტის'' ღირსებას იცავდა.

რომის ''ლაციოსთან'' ერთად იტალიის სერია ა (1999-2000), იტალიის თასი (1997-98, 1999-2000), იტალიის სუპერთასი (1998, უეფას სუპერთასი (1999) და უეფას თასების მფლობელთა თასი (1998-1999) მოიგო.

მატიას ალმეიდამ არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურით 1996-2003 წლებში 35 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

მატიას ალმეიდა და ხუან სებასტიან ვერონი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები