ოსკარ ტაბარესმა მონტევიდეოში საკუთარი ქანდაკების დადგმაზე უარი განაცხადა
ურუგვაის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, ოსკარ ვაშინოგტონ ტაბარესმა ქვეყნის დედაქალაქში საკუთარი ქანდაკების დადგმაზე უარი განაცხადა.
მონტევიდეოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სურდა, რომ ტაბარესის ქანდაკება მის სიცოცხლეშივე გახსნილიყო, რაც 71 წლის ფეხბურთის სპეციალისტმა იუარა.
ოსკარ ტაბარესი წლევანდელი მუნდიალის ყველაზე მხცოვანი მწვრთნელი იყო, ამასთანავე, ჩეზარე მალდინის რეკორდი მოხსნა და ყველაზე ასაკოვანი სპეციალისტი გახდა, რომელიც ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფის შეხვედრაში გაუძღვა.
ტაბარესი ურუგვაის ნაკრების რეკორდსმენია, რაც "სელესტეს" ყველაზე მეტ მსოფლიო ჩემპიონატზე გაწვრთნას გულისხმობს. გამოცდილი დამრიგებელი ეროვნულ გუნდს 4 მუნდიალზე მოძღვრავდა - 1990; 2010; 2014 და 2018. ასევე, 1970 წლის შემდეგ პირველი მწვრთნელია, რომელმაც ურუგვაელები მუნდიალის 1/2 ფინალში გაიყვანა.
ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციამ ტაბარესთან კონტრაქტი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე გააფორმა, როცა მწვრთნელი უკვე 75 წლის იქნება.