''უფრო სწრაფად დავბრუნდები ვიდრე წარმომედგინა'' - ''უბედნიერესი ვარ''
Aa
Aa

''უფრო სწრაფად დავბრუნდები ვიდრე წარმომედგინა'' - ''უბედნიერესი ვარ''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ გიორგი ქვილითაიას ბრიუსელის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ლატვიასთან მატჩისწინა ვარჯიშზე მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ ქვილითაია ბელგიაში გაემგზავრა, ოპერაციის შემდეგ კი instagram-ის story-ზე ფოტო შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: ''ოპერაციამ კარგად ჩაიარა ! ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის და გამხნევებისთვის ! თქვენ მე მაძლიერებთ ! ''

გარკვეული დროის შემდეგ ქვილითაიამ instagram-ის story-ზე კიდევ ერთი ფოტო ატვირთა. როგორც ქვილითაია წერს ტრავმა იმდენად მძიმე არ აღმოჩნდა, როგორც თავდაპირველად იყო მოსალოდნელი.

''უბედნიერესი ვარ ! ტრავმის სირთულე არ არის ისეთი სიმძიმის, რასაც მოველოდით ! უფრო სწრაფად დავუბრუნდები მოედანს ვიდრე წარმომედგინა ! ''

ქვილითაია დაახლოებით 3-4 თვეში დაუბრუნდება მინდორს.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის პირველ ტურში ქვილითაიამ ყაზახეთის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. მეორე ტურში ლატვიასთან მატჩამდე ''გენტის'' ფორვარდმა ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: ''საქართველოსა და ლატვიის შეხვედრას ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ტრავმის გამო გამოტოვებს. ფეხბურთელმა მატჩამდე გამართულ ბოლო ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო და საწვრთნელი პროცესის დასრულება ვეღარ შეძლო. გიორგი ქვილითაიას ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და გადაწყდა, რომ ფეხბურთელი მკურნალობას ბელგიაში გააგრძელებს. 

ეროვნული ნაკრების წევრი, გუნდის ექიმთან, დავით ხარაბაძესთან ერთად, ბრიუსელში დღეს დილით გაემგზავრა. ფეხბურთელის ოპერაცია ბელგიაში ორშაბათს დაიგეგმა. ქირურგიული ჩარევის შემდეგ გახდება ცნობილი, რა პერიოდის განმავლობაში ვერ დაეხმარება ფეხბურთელი საკუთარ კლუბსა და ეროვნულ ნაკრებს.''

ვლადიმირ ვაისის გუნდმა საწყის ორ ტურში 6 ქულა მოიპოვა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები