''ჩვენგან ხალხი გამარჯვებას ელის, ვეცდებით მათი იმედები გავამართლოთ''
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლატვიასთან შეხვედრამდე ''დინამო არენაზე'' პრესკონფერენცია გამართა.
ვლადიმირ ვაისი:''მოგესალმებით ყველას. ხვალ ერთა ლიგაზე წარმატების კარგი შანსი გვაქვს. ყაზახეთთან მოპოვებული 3 ქულა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ხვალ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ ჩვენი ნაკრების სასტარტო შემადგენლობა საბოლოოდ დადგინდება.
ლატვიამ ანდორასთან ფრედ ითამაშა. ლატვიის ნაკრები აქცენტს დაცვით ფეხბურთზე აკეთებდა. ლატვიელებმა 4-4-2 სისტემით ითამაშეს. ჩვენ უნდა შევეცადოთ მათ თამაშს გასაღები მოვარგოთ.
იმედი გვაქვს ხვალ ჩვენი სტადიონი გაივსება და გავახარებთ ჩვენს ქომაგებს.''
- ლატვიასთან ბოლო შეხვედრა საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვება საქართველოს ნაკრებს ფსიქოლოგიურ უპირატესობას აძლევს?
- იმ მატჩიდან ლატვიელთა 8 მოთამაშე კვლავ ეროვნულ გუნდში გამოდის, მაგრამ ჩემი აზრით ის მატჩი ხვალინდელ შეხვედრაზე გავლენას არ მოახდენს. ფსიქოლოგიური წნეხი არც ლატვიელებს აქვთ და არც ჩვენ. ლატვიელებთან გამარჯვების შემდეგ მათი მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. მათ შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა.
- საქართველოს ნაკრებმა თქვენი ხელმძღვანელობით პირველ ოფიციალურ გამარჯვებას ყაზახეთში მიაღწია. თქვენთვის ნავსი გატყდა? როგორი იყო თქვენი განცდები?
- ყაზახეთის ნაკრებთან ლამაზი თამაში არ გამოგვივიდა. რეალურად ჩვენ შედეგზე ვთამაშობდით. ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ დაცვითი სტილის ფეხბურთი ვითამაშებთ, მაგრამ მთავარია რომ დადებით შედეგს მივაღწიეთ.
- ყაზახეთთან გამარჯვების შემდეგ გუნდში ეიფორია ხომ არ არის?
- არანაირი ეიფორია. ხალხი ჩვენგან გამარჯვებას ელის და ვეცდებით მათი იმედები გავამართლოთ.
- როგორია თორნიკე ოქრიაშვილისა და ლევან მჭედლიძის ფიზიკური მდგომარეობა?
- მათ სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ. აქედან გამომდინარე არ ვიცი ითამაშებენე თუ არა ხვალინდელ შეხვედრაში. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ მათი საკითხი გადაწყდება.
შეგახსენებთ, საქართველოსა და ლატვიის ნაკრებთა დაპირისპირება ხვალ, 9 სექტემბერს ''დინამო არენაზე'' გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: gff.ge