თვის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - მაჭარაშვილის აღიარება ლიეტუვაში
ლიეტუვას ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის, ა ლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ლევან მაჭარაშვილი დასახელდა, რომელიც ''სტუმბრასის'' ღირსებას იცავს.
ლევან მაჭარაშვილი საუკეთესოდ ა ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა სცნო. აგვისტოს თვეში შემტევი სტილის ნახევარმცველმა ''სტუმბრასის'' მაისურით 5 მატჩი ჩაატარა. მოედანზე გატარებულ 321 წუთში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გარდა ჩემპიონატის მატჩებისა მაჭარაშვილმა თასის გათამაშებაშიც კარგად ითამაშა. ლიეტუვას საფეხბურთო თასის გათამაშების მეოთხედფინალში ''სტუმბრასმა'' სტუმრად 3:0 დაამარცხა ვილნიუსის ''ვილტისი.'' მატჩის საბოლოო ანგარიში 82-ე წუთზე ლევან მაჭარაშვილმა დააფიქსირა, რომელმაც გოლი ბრწყინვალე დარტყმით გაიტანა.
მაჭარაშვილის ბრწყინვალე გოლი - ქართველის გუნდი ტიტულისთვის იბრძვის
ამჟამად ლევან მაჭარაშვილი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ლიეტუვასთან შეხვედრისთვის ემზადება.
შეგახსენებთ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ შემადგენლობა დაასახელა. 21-წლამდელებს სექტემბერში ორი თამაში ელით: 7 სექტემბერს სტუმრად ევროშესარჩევ ეტაპზე ლიეტუვასთან, ხოლო 11 სექტემბერს ასევე სტუმრად, ამხანაგურ მატჩში მალტასთან. ცეცაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში 21 წლის ლევან მაჭარაშვილს უხმო.
