პაოლო მალდინი „მილანის“ დირექტორი გახდა
„მილანის“ ლეგენდა პაოლო მალდინი კლუბის დირექტორად დანიშნეს და მის სტრატეგიულ განვითარებაზე იზრუნებს.
პაოლომ მთელი კარიერა მხოლოდ ერთ კლუბში, „მილანში“ გაატარა და მისი მაისურით 1985-2009 წლებში ითამაშა. მან მონაწილეობა 901 შეხვედრაში მიიღო, მათ შორის 419-ჯერ გუნდი მოედანზე კაპიტნის რანგში გაიყვანა. ლეგენდარულმა იტალიელმა "როსონერისთან" ერთად 26 ტიტული მოიგო.
"როსონერი" ვალების გამო ამერიკული საინვესტიციო კომპანიის Elliott Management-ის მფლობელობაში რამდენიმე კვირის წინ გადავიდა. მას შემდეგ რაც იონჰონგ ლი როსონერიში მივიდა, მან 200-მილიონიანი კრედიტი სწორედ ამ საინვესტიციო კომპანიისგან აიღო.
იტალიურმა კლუბმა თანხის დაბრუნება დროულად ვერ შეძლო და „მილანი“ „ელიოტ მენეჯმენტს“ ავტომატურად გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ კლუბის გენერალურ მენეჯერად მისი კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი და ასევე, მწვრთნელი - ლეონარდო მუშაობს, პრეზიდენტის პოსტზე კი სილვიო ბერლუსკონის მეგობარი და არაერთ საქმეში პარტნიორი - პაოლო სკარონი აირჩიეს.