''ჰოლანდიაში ''სევილიამ'' არ გამიშვა'' - ''მონტელას დროს პირველ გუნდში დამკვიდრების შანსი მქონდა''
გიორგი აბურჯანია ერთწლიანი იჯარით "ლუგოში" ითამაშებს. 23 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა და მისი პრეზენტაცია 6 აგვისტოს შედგება. აბურჯანია სხვადასხვა დროს რუსთავის "მეტალურგში" გორის "დილაში, "თბილისის "ლოკომოტივში", "ანორთოსისში"და "ხიმნასტიკში" ასპარეზობდა.
გასული სეზონი გიორგი აბურჯანიამ ''სევილიას'' სარეზერვო გუნდში, ''სევილია ატლეტიკოში'' გაატარა, მაგრამ ეს გუნდი ლა ლიგა 2-დან გავარდა. რაც შეეხება ქართველის ახალ გუნდს, გასულ სეზონში ''ლუგომ'' ლა ლიგა 2-ში მე-12 პოზიცია დაიკავა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი crystalsport-ს ესაუბრა.
- ''ლუგოში'' გადასვლამდე ერთ-ერთ ჰოლანდიურ კლუბს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდი. რატომ არ შედგა ტრანსფერი?
-ჰოლანდიურ კლუბს ჩემი გამოსყიდვა სურდა, რაც ''სევილიას'' ინტერესში არ შედიოდა. სწორედ ამიტომ ჰოლანდიაში არ გადავედი.
- რატომ მიანიჭე ''ლუგოს'' უპირატესობა ? სხვა ესპანური კლუბებიდან იყო დაინტერესება?
- ჩემი დამატების სურვილი რამდენიმე ესპანურმა გუნდმა გამოთქვა. ''ლუგოში'' გადასვლის მიზეზი არის სპორტული დირექტორის, მთავარი მწვრთნელისა და ზოგადად კლუბის საფეხბურთო ფილოსოფია. ჩვენი ხედვები ფეხბურთთან დაკავშირებით იდენტურია.
- გასულ ზამთარში ''ხიმნასტიკს'' შენი დაბრუნება სურდა. რატომ არ შედგა შეთანხმება?
- ''სევილიას'' ჩემი გაშვება არ სურდა. სხვა ვარიანტებიც იყო, თუმცა მოლაპარაკება კლუბის პოზიციიდან გამომდინარე არ დაწყებულა.
- გასულ მუნდიალზე ხორხე სამპაოლის მუშაობას დიდი კრიტიკა მოჰყვა. მისი ხელმძღვანელობით ''სევილიაში'' ვარჯიშობდი. როგორ დაახასიათებდი სამპაოლის როგორც პიროვნებას და როგორც მწვრთნელს?
- სამპაოლი ''სევილიაში'' ძალიან კარგად მუშაობდა, რაც შედეგშიც აისახა. ფეხბურთელებს და ტაქტიკას ყოველთვის კონკრეტული თამაშიდან გამომდინარე არჩევდა. მას დადებითად დავახასიათებ, ფეხბურთზე უზომოდაა შეყვარებული, თუმცა მოგეხსენებათ ნაკრებში მუშაობა ბევრად რთულია, რადგან საკმარისი დრო არ გაქვს. თითოეულ შეკრებაზე მწვრთნელი ფეხბურთელებთან 4 ან 5 დღეს ატარებს, რაც საკმაოდ მცირე დროა. საკლუბო ცხოვრება მკვეთრად განსხვავებულია.
- სამპაოლი, ბერიცო, მონტელა - მათგან რომელი მწვრთნელის საფეხბურთო ფილოსოფია იყო შენს ხედვებთან ყველაზე ახლოს?
- ჩემი ხედვები ყველაზე ახლოს სამპაოლისთან იყო, რადგან ის აქცენტს ბურთის კონტროლზე აკეთებდა.
- რომელი მწვრთნელის დროს გქონდა ''სევილიას'' პირველ გუნდში დაწინაურების ყველაზე დიდი შანსი?
- უდავოდ მონტელას მწვრთნელობისას.
- შენს მსგავსად ოთარ კაკაბაძემ და გიორგი პაპუნაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატს ალღო კარგად აუღეს. როგორ ფიქრობ რამ განაპირობა ის ფაქტი, რომ ქართველ ფეხბურთელებს ესპანეთში თავის დამკვიდრება არ გაგიჭირდათ?
- მიზეზი ბურთის სიყვარულია. ესპანური ფეხბურთი ქართველების გემოვნებაში ჯდება. მთავარი აქცენტი ბურთის კონტროლზე კეთდება.სწორედ ამიტომ არ გაგვიჭირდა დამკვიდრება.
სადებიუტო მატჩი
''ლუგომ'' ამხანაგური მატჩი ''ოვიედოსთან'' ჩაატარა. 65-ე წუთზე აბურჯანია თამაშში ჩაერთო. 86-ე წუთზე ქართველი ნახევარმცველის საგოლე გადაცემით ანგარიში გათანაბრდა. დარჩენილ დროშიკი ''ლუგომ'' მეორე გოლიც შეაგდო და 2:1 გაიმარჯვა.