''კიტეიშვილი განსაკუთრებული პიროვნებაა ლიდერის თვისებებით და მტკიცე ხასიათით''
Aa
Aa

''კიტეიშვილი განსაკუთრებული პიროვნებაა ლიდერის თვისებებით და მტკიცე ხასიათით''

ოთარ კიტეიშვილი ქართველების გრაცის ''შტურმში'' ასპარეზობის ტრადიციას აგრძელებს, რომელიც 2001 წელს დავით მუჯირმა დაიწყო.

თბილისის ''დინამოდან'' ავსტრიულ გუნდში გადასული კიტეიშვილი ''შტურმის'' ისტორიაში მეხუთე ქართველი ფეხბურთელია. მუჯირის გარდა ''შტურმისთვის'' გიორგი ფოფხაძე, ილია კანდელაკი და გიორგი შაშიაშვილი ასპარეზობდნენ.

ავსტრიული laola1 ''შტურმის'' პირველ ქართველ ფეხბურთელს, დავით მუჯირს ესაუბრა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა საუბარი კიტეიშვილის შესახებ საუბრით დაიწყო:

''ბედნიერი ვარ. ''შტურმმა'' ძალიან კარგი ფეხბურთელი შეიძინა, ხოლო ოთარი ავსტრიის ჩემპიონატში კიდევ უფრო უკეთ ითამაშებს. ''შტურმი'' ჩემს ფავორიტ გუნდებს შორისაა, სადაც რამდენიმე წელი გავატარე. ჩემი აზრით ''შტურმმა'' ნამდვილად კარგი ტრანსფერი განახორციელა.

''შტურმში'' ქართველებიდან პირველად მე ჩავირიცხე, მაგრამ შემდეგ სხვებმაც ითამაშეს. მსურს, რომ კიტეიშვილი ''შტურმის'' ისტორიაში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდეს.''

დავით მუჯირმა ავსტრიული გუნდის მაისურში 4,5 წელი ითამაშა. ავსტრიის ბუნდესლიგის 106 მატჩში 20 გოლი შეაგდო და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კიტეიშვილზე საუბრისას მუჯირი ყურადღებას 22 წლის ფეხბურთელის პიროვნულ თვისებებზე ამახვილებს: '' ოთარი ძალიან, ძალიან განსაკუთრებული პიროვნებაა. ჩემი მეგობარია, ის ეროვნული ნაკრების კანდიდატია. იმედი მაქვს ''შტურმში'' ჩემზე უკეთ ითამაშებს. მას შეუძლია კარიერა ჩემზე უკეთ წარმართოს, რისი პოტენციალიც მას ნამდვილად აქვს.''

მუჯირს კიტეიშვილის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბარი არ სურს, თუმცა იხსენებს კიტეიშვილის კარიერიდან ერთ-ერთ ყველაზე რთულ ეპიზოდს. გასულ სეზონში ეროვნული ლიგის უკანასკნელ ტურში ოთარ კიტეიშვილმა ბოლო წუთზე ქუთაისის ''ტორპედოს'' პენალტი ვერ გაუტანა და ''დინამომ'' ჩემპიონის ტიტული საკუთარ კედლებში დაკარგა.

''გასულ სეზონში ''ტორპედოსთან'' პენალტი ვერ გაიტანა და ''დინამომ'' ტიტული დაკარგა, თუმცა ოთარმა სწრაფად დაივიწყა წარუმატებლობა. მიმდინარე წელს ''დინამოში'' ძალიან წარმატებული პერიოდი გაატარა. ის იყო ძალიან კარგი, ის იყო საოცნებო ფეხბურთელი მოედანზე.  ოთარმა წარუმატებლობა სწრაფად დაივიწყა და სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ ის განსაკუთრებული პიროვნებაა. მას მტკიცე ხასიათი აქვს.''

მუჯირმა ხაზი ასევე გაუსვა იმ ფაქტს, რომ კიტეიშვილი საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში გახდა თბილისის ''დინამოს'' კაპიტანი.

ოთარ კიტეიშვილი ეროვნული ლიგის პირველი ნახევრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

''ეროვნულ ლიგაში კიტეიშვილი იტანდა გოლებს, კომბინაციებში მონაწილეობდა და გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ''დინამო'' ძალიან ახალგაზრდული გუნდია, კიტეიშვილი თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი იყო. ოთარს ლიდერის თვისებები აქვს.

გრაცში მყოფ ყოფილ თანაგუნდელებთან კვლავ მაქვს ურთიერთობა, თუმცა ოთარის შესახებ  მათ არ უკითხავთ. ბოლო პერიოდში მან ძალიან კარგად ითამაშა საქართველოს ჩემპიონატში, ეროვნულ ნაკრებსა თუ ევროპა ლიგაზე.''.

თბილისის „დინამოს'' ყოფილი კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.  22 წლის მოთამაშეს პრიზი სფფ-ის პრეზიდენტმა  ლევან კობიაშვილმა გადასცა. კიტეიშვილი ''დინამოს'' ღირსებას 2014-2018 წლებში იცავდა. მან თბილისური გუნდის მაისურით 126 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები