''საბურთალომ'' ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები დაიმატა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები ლადო დვალიშვილი და დავით თარგამაძე კარიერას ''საბურთალოში'' გააგრძელებენ. ეროვნული ლიგის ლიდერს დაჩი ცნობილაძე დაუბრუნდა, რომელმაც მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი განათხოვრებით თბილისის ''ლოკომოტივში'' გაატარა. ინფორმაციას თბილისური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.
32 წლის ლადო დვალიშვილი მიმდინარე წლის დასაწყისში ისრაელის უმაღლესი ლიგის კლუბ ''აშქელონს'' შეუერთდა. ვარშავის ''ლეგიასა'' და დანიური ''ოდენსეს'' ყოფილმა მოთამაშემ ''აშქელონის'' მაისურით 9 მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია. გასული სეზონის მიწურულს გამოცდილმა ქართველმა ფეხბურთელმა გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
მიმდინარე წელს დვალიშვილს ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია.

რაც შეეხება დავით თარგამაძეს, 28 წლის ფეხბურთელი გერმანულ ''ფრაიბურგში,'' უკრაინულ ''ოლექსანდრიასა'' და ''მარიუპოლში'' ასპარეზობდა. გარდა ამისა დონეცკის ''შახტარის'' კუთვნილება იყო, თუმცა ლუჩესკუს გუნდში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა.
დავით თარგამაძეს 2016 წლის 12 მარტის შემდეგ არ უთამაშია. მას ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

გიორგი ჭიაბრიშვილის ფეხბურთელები 25 ივლისს ამხანაგურ მატჩში ეროვნული ლიგა-2-ის მონაწილე "თელავს" შეხვდებიან, შემდეგ კი ეროვნული ლიგის მესამე წრის პირველ მატჩში ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებენ.