ჰოლანდიის ნაცვლად ბელგიაში - ქვილითაია ''რაპიდს'' ტოვებს
ვენის ''რაპიდის'' ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია კარიერას ბელგიურ ''გენტში'' გააგრძელებს. ექსკლუზიური ინფორმაცია Kurier-მა გაავრცელა. ასე რომ ''გენტში'' გიორგი ჩაკვეტაძესთან და გიორგი ბერიძესთან ერთად მესამე ქართველს ვიხილავთ.
ვენური გუნდის სპორტულმა დირექტორმა ფრედი ბიკელმა ავსტრიულ გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ ქართველი ფორვარდის ტრანსფერის ალბათობა დიდია. ''რაპიდში'' ქართველს 23 წლის ხორვატი მატეო ბარაცი შეცვლის, რომელსაც ხორვატიის ეროვნულ ნაკრებსა და ''ოსიეკში'' უთამაშია.
გასული სეზონის მიწურულს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა კოჭის ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანს სექტემბრამდე ვერ დაუბრუნდება.
აღნიშნული გამოცემის ცნობით კოჭის ტრავმამდე ქვილითაიას შეძენა არნემის ''ვიტესს'' სურდა. ავსტრიული კლუბი ქართველის სანაცვლოდ 3,5 მილიონ ევროს ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიური კლუბი ფორვარდის პოზიციაზე სხვა კანდიდატებსაც განიხილავდა, გურამ კაშიას ყოფილი გუნდისთვის ქვილითაია მთავარი სამიზნე იყო. საბოლოოდ თბილისის ''დინამოს'' ყოფილი ფეხბურთელი არნემულ კლუბში არ გადავიდა.

გასული სეზონის მიწურულს ავსტრიულ და ყაზახურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ყაზახეთის ჩემპიონ ''ასტანას'' ვენის ''რაპიდის'' ქართველი ფორვარდის გიორგი ქვილითაიას შეძენა სურდა. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი crystalsport-ს ესაუბრა.
''ასტანა'' ორჯერ დაუკავშირდა ''რაპიდს.'' ყაზახური გუნდი გასულ ზამთარში ცდილობდა ჩემს გადაბირებას, მაგრამ არ წავედი. ასევე უარით ვუპასუხე ახლახანს, როცა მეორედ დამიკავშირდნენ. მე არ მსურს ყაზახეთის ჩემპიონატში თამაში მით უმეტეს, როცა ევროპული კლუბებიდან ინტერესი არსებობდა. ჰოლანდიური და ბელგიური გუნდებიდან რეალური ინტერესი იყო. ასევე დამიკავშირდა ერთი გერმანული კლუბი, თუმცა ამჟამად ტრავმის გამო ჩემი ტრანსფერი ნაკლებად მოსალოდნელია'' - აღნიშნული კომენტარი გიორგი ქვილითაიამ crystalsport-თვის გასული სეზონის მიწურულს კოჭის ტრავმის შემდეგ გააკეთა.
შეგახსენებთ, გიორგი ქვილითაიამ ''ალტახთან'' შეხვედრამდე გუნდის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. როგორც ავსტრიული მედია იუწყება, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი მინდორს სექტემბერში დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გასული სეზონის ბუნდესლიგაში 29 მატჩში 10 გოლი შეაგდო. ''რაპიდის'' მაისურით ჩატარებულ უკანასკნელ 8 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. 2016 წლიდან ''რაპიდის'' ფეხბურთელია. ავსტრიული გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 67 მატჩში 22 გოლი შეაგდო (17 - ბუნდესლიგა, 4 - ავსტრიის თასი, 1 - ევროპა ლიგა).
