მძიმედ, მაგრამ დამაჯერებლად! - საფრანგეთი 1/2 ფინალში გავიდა!
მიმდინარე მუნდიალის 1/4 ფინალში, საფრანგეთი-ურუგვაის წყვილი ერთადერთია, რომლის ორივე მონაწილეც მსოფლიო ჩემპიონის სტატუსს ატარებს. "მამლები" და "სელესტე" ერთმანეთს ნიჟნი ნოვგოროდში დაუპირისპირდნენ და პირველი ნახევარფინალისტი გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ გუნდებს შორის გამართული ბოლო 5-დან 4 მატჩი ანგარიშით - 0:0 იყო დასრულებული და უხვგოლიანი შეხვედრის მოლოდინი არც მაინცდამაინც დღეს უნდა გვქონოდა.

მატჩის სტარტზე ფრანგები ცოტა დაბნეულად გამოიყურებოდნენ და უჩვეულო შეცდომებს უშვებდნენ, ურუგვაელები კი სიტუაციის გამწვავებას, მაღალი პასებითა და ჩაწოდებებით ცდილობდნენ.
ტრავმირებული ედინსონ კავანის ნაცვლად ძირითადში მოხვედრილი, კრისტიან სტუანი რამდენჯერმე დაჯარიმდა და საკმაოდ ხისტად, ხანდახან უხეშობის ზღვარზეც მოქმედებდა. "სელესტეს" უკავანობა ნამდვილად ეტყობოდა.
ბრძოლა ძირითადად მოედნის ცენტრში მიდიოდა და გუნდები შანსს ელოდებოდნენ. ცხადი იყო, რომ სტანდარტულ მდგომარეობებს უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა.

პირველ ტაიმში შექმნილი ორივე რეალური მომენტი, სწორედ სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა. პირველი მათგანი მე-40 წუთზე შეიქმნა, როცა საჯარიმოს შესასრულებლად გრიზმანი მოემზადა.
"ატლეტიკოს" შემტევმა ბურთი საჯარიმო მოედანზე რბილად ჩააგდო, სადაც ყველას რაფა ვარანმა აჯობა, ზუსტი თავური შეასრულა და "სამფეროვნები" წინ გაიყვანა.


სამხრეთ ამერიკელებმა ანგარიშის გათანაბრება შესვენებამდე სცადეს და ხიფათი ისევ ჩაწოდებულ ჯარიმას მოჰყვა. მაღალი ბურთისთვის ბრძოლა მარტინ კასერესმა მოიგო, კარშიც სახიფათოდ დაარტყა. თუმცა უგო ლორისმა ბრწყინვალე სეივი შემოგვთავაზა, დამატებაზე კი დიეგო გოდინმა იდეალური შანსი გაანიავა.
Capitaine HUGO ???? 1-0 #FRAURU #FiersdetreBleus pic.twitter.com/LOocfF8cKw
— Equipe de France (@equipedefrance) July 6, 2018
ცალკე აღნიშვნის ღირსია მწვრთნელები, რომელთაც რეკორდი დაამყარეს. ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი, რომელიც ურუგვაის ნაკრებს 186-ე შეხვედრაში გაუძღვა, მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფის ეტაპის ყველაზე მხცოვანი მწვრთნელი გახდა - აქამდე რეკორდი ჩეზარე მალდინის ეკუთვნოდა.
რაც შეეხება დეშამს, მან მსოფლიო ჩემპიონატზე "მამლები" მეათედ ათამაშა, რაც რაიმონ დომენეკისა და მიშელ იდალგოს რეკორდის გამეორებაა.

ურუგვაელებმა მეორე ტაიმი შედარებით აქტიურად დაიწყეს და სიტუაციის გამწვავებას შეეცადნენ, რაც არცთუ კარგად გამოსდიოდათ და მომენტის შექმნა უჭირდათ.
დეშამის ბიჭებმა შემოტევებს გაუძლეს და 61-ე წუთზე თავად გაიტანეს, თუმცა მეტოქის მეკარის აშკარა შეცდომით...
პოლ პოგბამ სწრაფი შეტევა წამოიწყო, თუმცა სიტუაციის გამწვავება ვერ მოხერხდა და ბურთი გრიზმანს მიუვიდა, მანაც ბედი სცადა, მახვილი კუთხიდან და საკმაოდ შორი მანძილიდან გაისროლა, მუსლერამ ბურთი ვერ შეიმაგრა და ტაბლოზე 0:2 აციმციმდა.

ევროპელებმა დარჩენილ დროში სიტუაცია კარგად გააკონტროლეს და მეტოქისთვის შანსი აღარ მიუციათ. შედეგად, საფრანგეთი მე-4 გუნდი გახდა, რომელმაც მუნდიალის 1/2 ფინალში მინიმუმ 6-ჯერ გააღწია. აქამდე იგივე, გერმანიას, ბრაზილიასა და იტალიას გაუკეთებიათ.
"მამლები" მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალს 2006 წლის შემდეგ დაუბრუნდნენ. მაშინ მათ ფინალში გასვლაც შეძლეს, სადაც იტალიის ნაკრებთან პენალტების სერიით დამარცხდნენ.
#FridayFeeling ????#FiersdetreBleus #WorldCup #URUFRA pic.twitter.com/xj95P15iTM
— French Team (@FrenchTeam) July 6, 2018
საფრანგეთის ეროვნული ნაკრები 1/2 ფინალის მეტოქეს ცოტა ხანში, მას შემდეგ შეიტყობს, რაც ყაზანში, "ყაზან არენაზე", ბრაზილია და ბელგია ითამაშებენ.