ტრაგედია, დეპრესია და რასიზმი - დენი როუზის სევდიანი ისტორია
Aa
Aa

ტრაგედია, დეპრესია და რასიზმი - დენი როუზის სევდიანი ისტორია

დენი როუზმა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გულისამაჩუყებელი ინტერვიუ გამართა და ჟურნალისტებს ისეთი საკითხები გაუმხილა, როგორიც არც მისმა მშობლებმა და არც გარეტ საუთგეითმა იცოდა...

"ტოტენჰემის" მცველმა ბოლოდროინდელ სირთულეებზე, დეპრესიაზე, მის გამომწვევ მიზეზებზე და რასიზმზე ისაუბრა.

„პირველები ხართ, ვინც ამის შესახებ იგებთ. ჩემი მშობლებისთვისაც არაფერი მითქვამს და ამის წაკითხვის შემდეგ ალბათ ძალიან გაბრაზდებიან“...

ყველაფერი 2017 წელს დაიწყო... „ტოტენჰემის“ უკანახაზელმა ტრავმა მიიღო... იგი ოპერაციის ნაცვლად წამლებს იღებდა და მინდორზე გასასვლელად ყველაფერს აკეთებდა. სიტუაცია ნელ-ნელა გართულდა, სახლში მომხდარი ინციდენტების გამო როუზს დეპრესია დაეწყო და ფსიქოლოგთან მისვლაც მიუწია. საბოლოოდ დენი ინგლისის ნაკრების სარეაბილიტაციო ცენტრში გადავიდა და ხსნა სწორედ იქ ჰპოვა.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნაკრებში ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ. ტრავმების გამო მოედანზე მცირე დრო გავატარე და მეგონა, რომ მსოფლიოს მიღმა დავრჩებოდი. თუმცა ინგლისის ფიზმომზადების მწვრთნელთან, სტივ კემპთან, კარგი ურთიერთობა მაქვს, მან ჩემი კონდიციების შესახებ ყველაფერი იცოდა და ადგილის დამკვიდრებაში დამეხმარა“.

„რაიან ბერტრანის მშვენივრად მესმის, ნაკრებს მიღმა რომ დავრჩენილიყავი ძალიან გავბრაზდებოდი. ბედნიერი ვარ რომ მსოფლიოზე თამაშის პატივი მერგო და წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ“.

ბარტონში ყოფნისას  როუზი ხშირად გარეტ საუთგეიტთან ერთად სადილობდა და მწვრთნელის მხარდაჭერას ძალიან აფასებს:“გარეტი შესანიშნავი ადამიანია. იგი საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი საუკეთესო პიროვნებაა“.

თუმცა დენის ყველაფერი გარეტისთვისაც არ უთქვამს...

„საიდუმლო არაა, რომ „ტოტენჰემში“ საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარე. ამ ყველაფერმა ფსიქოლოგთან ვიზიტების დანიშვნა მაიძულა და სულ მალე დეპრესია დამიდგინეს. დიაგნოზის შესახებ არავინ იცოდა და კლუბიდან შორს ყოფნა მომიწია“.

„იღბლიანი ადამიანი ვარ! ინგლისის ნაკრებმა ყველაფრის დავიწყების და გონების გათავისუფლების საშუალება მომცა. ამისთვის მათი მადლიერი ვარ“.

„მედიკამენტებზე დამოკიდებული დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი, აგენტის გარდა არავინ არაფერი იცოდა. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, წამლებსაც არ ვსვამ და მუნდიალისთვის ვემზადები“.

ინგლისის ნაკრების მცველმა დეპრესიის სიმპტომებზეც ისაუბრა და აღნიშნა:“ყველაფერზე მარტივად ვბრაზდებოდი, ფეხბურთის თამაში და სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა არ მინდოდა. სახლში მოსვლისას მხოლოდ ერთი რამ მსურდა - ძილი“.

„ყველაფერი იანვარში ტრავმის მიღებისას დაიწყო. ოპერაციის გაკეთება არ მსურდა და წამლების სმა დავიწყე. რამდენიმე ინექცია გავიკეთე და მოედანზე დაბრუნებას ყველა ხერხით ვცდილობდი“.

„ტრიბუნაზე ჯდომა და „ტოტენჰემის“ წარმატებული თამაშის ყურება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ბიჭებმა „არსენალი“ და „მანჩესტერი“ დაამარცხეს და დიდი მიზნებისთვის იბრძოდნენ. მაშინ მივხვდი, რომ ფეხბურთი მომენატრა, თუმცა ჩემი სარეაბილიტაციო პერიოდისას თავს კიდევ ერთი უბედურება დამატყდა, ბიძაჩემმა თავი ჩამოიხრჩო"...

„მოედნის გარეთ თავს სხვა სირთულეებიც გადამხდა. აგვისტოში, მშობლიურ ქალაქში, დონკასტერში, დედაჩემს ვიღაც უცხო პირმა რასობრივი შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც შოკში ჩამაგდო, თუმცა რა ვიცოდი, რომ წინ უფრო დიდი უბედურება მელოდა... რამდენიმე დღის შემდეგ ვიღაცამ ჩემი სახლის მიმართულებით იარაღი ისროლა, რომელმაც ლამის ჩემი ძმის სიცოცხლე შეიწირა. ინგლისის ნაკრებმა ჩემი სიცოცხლე იხსნა... რომ არა მათი მხარდაჭერა დღეს სად ვიქნებოდი არავინ იცის“...

სეზონის დასაწყისში როუზი ტრავმის სამკურნალოდ „სენტ ჯორჯის პარკში“ გადავიდა. დენის წარსულის გახსენება არ სურს და მხოლოდ მომავალზეა ორიენტირებული.

"ოჯახის წევრებს ვუთხარი რომ მათი სახლში დატოვება შესაძლო რასიზმის გამოვლინებებისა და სხვა სახიფათო საკითხების გამო მსურს. არ მინდა მატჩის წინ კონცენტრაცია სხვა რამეზე მოვახდინო და შეხვედრის ნაცვლად ფიქრი ოჯახის უსაფრთხოებაზე მომიწიოს. მათკენ მიმართული რასისტული ფრაზები ჩემზე უდიდეს ზეგავლენას მოახდენს".

„ყველაზე მეტად მამაჩემი გაბრაზდა, მისი ხმა დღემდე ყურში ჩამესმის. მან წამოსვლა მთხოვა და მითხრა, რომ ჩემი მუნდიალზე ხილვის შანსი შესაძლოა აღარასდროს მისცემოდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მათი უსაფრთხოებაა. გადაწყვეტილება საკმაოდ რთული გამოდგა და სიმართლე გითხრათ შედეგი ძალიან გულდასაწყვეტია, თუმცა ვერაფერს ვიზამ, რუსეთმა როგორღაც მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა და ჩვენ უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს“.

„სასამართლო სისტემის და სანქციების არ მჯერა,  სერბეთთან მომხდარი ინციდენტის შესახებ ინგლისის გარეთ არ მილაპარაკია, რადგან ვიცოდი, რომ არაფერი შეიცვლებოდა".

"სიტუაციის ყველანაირი განვითარებისთვის ვემზადები და იმედი მაქვს ყველაფერს სწორი გზით მოვაგვარებ“.

როუზმა რუსეთში არსებული რასიზმის პრობლემის გამკლავებაზეც ისაუბრა და განაცხადა.

„სიმართლე გითხრათ კლუბურ დონეზე მსგავსი რამ რომ მოვისმინო პასუხს მეც გავცემ, თუმცა მსოფლიოზე ყველაფერი სხვანაირად იქნება. აქ საკუთარ ქვეყანას წარმოადგენ და თავის მოთოკვა გმართებს. ისეთ რამეს არ ვიზამ, რამაც შეიძლება სამი ქულა ან შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაგვაკარგინოს. თუ რასისტულ ქმედებას დავინახავ ჰარისთან მივალ და ის ყველაფერს მოაგვარებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები