ვალენსია მამარდაშვილის დაბრუნებით ინტერესდება - ბრიტანული მედია
გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ დატოვებასთან თვითან თვემდე სულ უფრო ახლოს მიდის. საქართველოს ნაკრების მეკარე კლუბში არსებული მდგომარეობით უკმაყოფილოა და სათამაშო პრაქტიკის გარეშე ყოფნას არ აპირებს.
ბრიტანული გამოცემა TEAMtalk-ი მამარდას შესახებ არსებულ ვითარებას განიხილავს და წერს, რომ მისი დაბრუნებით ყოფილი კლუბი „ვალენსია“ ინტერესდება.
„მამარდაშვილი მომავალ წელსაც სათადარიგოთა სკამის ხეხვის პერსპექტივის წინაშე დგას. ეს რთული ვითარებაა 25 წლის ფეხბურთელისთვის, რომელიც მეკარისთვის საუკეთესო ასაკში შედის, „ვალენსიაში“ გარანტირებული ძირითადი იყო და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედაც ითვლებოდა.
ჩვენი ინსაიდერი, გრემ ბეილი, ჯერ კიდევ 26 თებერვალს იტყობინებოდა, რომ მამარდაშვილის უკმაყოფილება სათამაშო დროის ნაკლებობის გამო სულ უფრო იზრდება. ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა იმ ფაქტმა, რომ ის მოულოდნელად „ბრაიტონთან“ ინგლისის თასის (FA Cup) მატჩის მიღმა დატოვეს - ტურნირის, სადაც „ლივერპული“, როგორც წესი, შემადგენლობის აქტიურ როტაციას მიმართავს.
წყაროების თანახმად, მამარდაშვილი სერიოზულად განიხილავს ტრანსფერზე დაყენების მოთხოვნას და შესაძლოა ეცადოს, 2026/27 წლების სეზონი სხვაგან იჯარით გაატაროს. ესპანეთიდან მიღებული ბოლო ცნობებით კი, მამარდაშვილის ყოფილი კლუბი, „ვალენსია“, 26/27 წლების სეზონისთვის მისი დაბრუნებითაა დაინტერესებული.
მას შემდეგ, რაც „ლივერპულის“ მაისურით გატარებული 934 წუთი შეფასდა როგორც „კატასტროფული“, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მისი როლი „ენფილდზე“ ამჟამად „უმნიშვნელოა“.
გავრცელებული ინფორმაციით, მამარდაშვილის მოთმინების ფიალა „აივსო“, „ვალენსია“ კი მის გარშემო არსებულ სიტუაციას „ყურადღებით აკვირდება“.
ამ მომენტში შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა: რატომ უნდა დაიბრუნოს „ვალენსიამ“ მეკარე, თუ მათ უკვე იპოვეს მისი შემცვლელი? საქმე ისაა, რომ მათი ახალი მეკარის კონტრაქტი 12 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებას ითვალისწინებს, მაგრამ თუ კლუბი ამ უფლებას არ გამოიყენებს, მომავალ წელს მათ ახალი ძირითადი მეკარე დასჭირდებათ. მამარდაშვილის სახით კი ისინი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესოს, სულ მცირე კიდევ ერთი სეზონით დააბრუნებდნენ შინ“.
- წერს ბრიტანული გამოცემა.
ყველაფერი აქეთკენ მიდის და როგორც ჩანს, მამარდაშვილი „ლივერპულს“ სეზონის ბოლოს დატოვებს. თუ, იქამდე რაიმე მოულოდნელი და რადიკალური ცვლილებები არ განხორციელდა, რაც ქართველი მეკარის წისქვილზე დაასხამს წყალს.